ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 700 000-ს გადააჭარბა
ბრაზილიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 700 000-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ პირველ ივნისს ბრაზილიაში სულ 500 000 ინფიცირებული იყო გამოვლენილი. სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობით ამჟამად მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
პარალელურად, ბრაზილიაში გრძელდება დავა სტატისტიკური მონაცემების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის ეროვნული საბჭო და მედიაორგანიზაციები გარდაცვლილებისა და ინფიცირებულების შესახებ სხვადასხვა მონაცემებს აქვეყნებენ.
მედიაკოალიციის ცნობით, ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კოვიდინფექციას 849 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შედეგად, ეპიდემიის პერიოდში დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 37 312-ს მიაღწია. მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა ვირუსის 19 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა.
მოგვიანებით, ჯანდაცვის საბჭომ განაცხადა, რომ გარდაცვლილია 679 ადამიანი და გამოვლენილია 15 000-ზე მეტი შემთხვევა. ბოლოს კი კიდევ უფრო შემცირებული მონაცემები გამოაქვეყნა ჯანდაცვის სამინისტრომ.
„ბიბისის“ ცნობით, ბრაზილიის ხელისუფლება ბოლო დღეებში მოსახლეობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან მთავრობა ვირუსზე საკმარისი რაოდენობით ტესტებს არ ატარებს.