ბრაზილიაში კაშხლის გარღვევისას დაიღუპა შვიდი ადამიანი, 200-მდე პირს კი ეძებენ
ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, 200-მდე პირს კი ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა მინას-ჟერაისის შტატში, ქალაქ ბელუ-ორიზონტისთან ახლოს მოხდა. ბრაზილიური ტელეკომპანია Globo-ს ცნობით, ინციდენტის დროს მაშველებმა ადგილიდან 182 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებიც იმყოფებიან. ისინი სამძებრო და სამაშველო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას.
როგორც მეხანძრეები იუწყებიან, კაშხლის გარღვევის შემდეგ წყალმა, რომელიც მეტალურგიული მრეწველობის ნარჩენებს შეიცავდა, რამდენიმე ახლომდებარე სახლი დატბორა.
ბრაზილიური მედია იუწყება, რომ კაშხალი რკინის მომპოვებელ უმსხვილეს კორპორაციას Vale-ს ეკუთვნის. მის სახელს კი ბრაზილიაში რამდენიმე მსგავსი ინციდენტი უკავშირდება. 2015 წელს, ამავე რეგიონში Vale-ის ერთ-ერთი კაშხლის გარღვევამ ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. მაშინ ტრაგედიას 19 ადამიანი შეეწირა. 600 ადგილობრივი კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. კაშხლის გარღვევის შედეგად დაბინძურდა ახლომდებარე მდინარეებიც.