ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, მოწყობილობის შემოწმება, რომლითაც ძმები ფეიქრიშვილების ავტომობილი უნდა აეფეთქებინათ, ბათუმში მოხდა
ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, მოწყობილობის შემოწმება, რომლითაც ძმები ფეიქრიშვილების ავტომობილი უნდა აეფეთქებინათ, ბათუმში მოხდა

ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე ბრალდებულის ჩვენებით, იმ დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის შემოწმება, რომლითაც ძმების ავტომობილი უნდა აეფეთქებინათ, ბათუმში მოხდა.

საქართველოს პირველმა არხმა ერთ-ერთი ბრალდებულის, ნუგზარ ბეჟანიძის მიერ, გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, აჭარაში დამზადებული ტროტილის შემცველი მოწყობილობა ვარგისიანობის შესამოწმებლად, მის სახლში ააფეთქეს. ბრალდებული ჩვენებაში სხვა დაკავებულების გვარებსაც ახსენებს და ამბობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების გეგმა მათთვის უცნობი იყო.

„ასაფეთქებლის გასააქტიურებლად საჭირო იყო დეტონატორის დაერთვება ელექტროსქემაზე უკვე დამაგრებულ სადენებზე, სადაც უკვე ჩადებული იყო სიმბარათი და სისრულეში მოსაყვანად საჭირო იყო ყუთში მოთავსებული მობილური ტელეფონიდან მხოლოდ დარეკვა და მოხდება აფეთქება, ეს ყველა დეტალი ამიხსნა გოჩა თავდუმაძემ და შემოწმების მიზნით იმავე დღეს ჩემს სახლში, უკანა ეზოში მის მიერ მოტანილ ასაფეთქებელ მოწყობილობას მივამაგრეთ ელექტროდეტონატორი, მოვათავსეთ წყლით სავსე მოზრდილ ვედროში და მოვახდინეთ აფეთქება. ამით ჩვენ დავრწმუნდით, რომ გოჩას მიერ მოტანილი ასაფეთქებელი სისტემა იყო ვარგისი. გოჩა თავდუმაძეს ვუთხარი, რომ მის მიერ მოტანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა ესეც და მეორეც, რომელსაც დამიმზადებდა, მჭირდებოდა სწორედ აფეთქებისთვის, სხვა კონკრეტული დეტალები არ მითქვამს. გამოვიტანე სახლიდან 120-გრამიანი ტროტილის კოჭა და გოჩა თავდუმაძესთან ერთად იზოლენტით მივამაგრე სქემაზე, რაშიც პირადად გოჩაც დამეხმარა. ვესაუბრე როლანდ ბერიძეს ტელეფონით, ბერიძე მოვიდა და გადავეცი მის მიერ შეკვეთილი, მუყაოს პატარა ყუთში მოთავსებული ერთი ცალი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ვუთხარი, რომ მეორე მოწყობილობასაც დაახლოებით ორ კვირაში დაამზადებდა გოჩა თავდუმაძე. რისთვის სჭირდებოდა ბერიძეს, ამის შესახებ ჩემთან დეტალებზე არ უსაუბრია“, – აღნიშნულია ნუგზარ ბეჟანიძის ჩვენებაში.

ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებულ პირებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.