ბრალდებული ზურაბ ბუდაღაშვილი - შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რომ მაიგივებენ, ამ რეჟიმმა მამაჩემი შეიწირა
ბრალდებული ზურაბ ბუდაღაშვილი - შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რომ მაიგივებენ, ამ რეჟიმმა მამაჩემი შეიწირა

როცა დავინახავ, რომ პოლიციელი ჩემი ქვეყნის მოქალაქეს თვალს ამოთხრის, ზუსტად ისე ვიმოქმედევ, როგორც აქამდე ვიმოქმედე, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა მისი და მასთან ერთად დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სატელევიზიო სიუჟეტებში როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აიგივებენ, მისთვის შეურაცხმყოფელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა მამაჩემის სიცოცხლე შეიწირა და შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, მასთან რომ მაიგივებენ. მე მივედი აქციაზე. ბრალდება თუ ამბობს, რომ აქციის დაშლა მოხდა, რადგან შტურმით იღებდნენ მონაწილეები, რატომ მოხდა თვალში ტყვია 50 მეტრში მყოფ გოგოს. მე ვარ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე. როცა დავინახავ, რომ პოლიციელი ჩემი ქვეყნის მოქალაქეს თვალს ამოთხრის, ზუსტად ისე ვიმოქმედევ, როგორც აქამდე ვიმოქმედე“, – განაცხადა ბუდაღაშვილმა.

პროცესზე განცხადება გააკეთა მისმა ადვოკატმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი ნიკა მელიას შემთხვევაში არ მოხდა დაპატიმრება და მას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს, რომ არ იყოს შერჩევითი სამართალი, არც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არ უნდა მიიღონ პატიმრობის გადაწყვეტილება.

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივეს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.