ბრალდებული მწვრთნელი - ქართული კალათბურთის ინტერესებისთვის შევცდით
ბრალდებული მწვრთნელი - ქართული კალათბურთის ინტერესებისთვის შევცდით

„არ ვარ საშიში პიროვნება, მთელი ცხოვრებაა საქართველოსთვის ვიბრძვი“, – ეს განცხადება ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულმა საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა. მან სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს საქმესთან კავშირში დაასახელა ვინმე დათო, თუმცა მისი გვარი არ დაუკონკრეტებია. კვარაცხელიას მტკიცებით, აღნიშნული პიროვნება ჩანერგილი იყო.

„27-ში სოხუმი დაეცა და მერე გამოვედი იქიდან. ოთხი ჰოსპიტალი გამოვიყვანე იქიდან. 30 ათასი ბავშვი გავზარდე. აქედან ექვსი მივეცი ეროვნულ ნაკრებს. შევცდით ქართული კალათბურთის ინტერესებისთვის. იმდენად რთულ ვითარებაშია ქართული კალათბურთი ფინანსურად, რომ გამოჩნდა ეს დათო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ჩანერგილი იყო და შევცდით, კი ბატონო, მაგრამ არ ვარ საშიში“, – განაცხადა ვაჟა კვარაცხელიამ.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობს. პროკურატურამ მსაჯების, ირაკლი და დავით ბერიშვილების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით თითოზე 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

რაც შეეხება მსაჯ ზაზა მაჩალაძეს, საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელს ვაჟა კვარაცხელიასა და ამავე კლუბის თანადამფუძნებელს თემურ დათიკაშვილს პროკურატურა მათ მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის არგუმენტად ასახელებს ბრალდებულების მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს.

ზაზა მაჩალაძის, ვაჟა კვარაცხელიასა და თემურ დათიკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართეს. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პროკურატურას ბრალის დამტკიცების რეალური ფაქტები არ აქვს. ამის საპასუხოდ პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში არსებობს კონკრეტული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, სადაც ისმის, როგორ დებენ ბრალდებულები მატჩის კონკრეტული სხვაობით დამთავრებას.

ბრალდების მიხედვით, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებს ზაზა მაჩალაძეს, ირაკლი და დავით ბერიშვილებს, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელს ვაჟა კვარაცხელიასა და ამავე კლუბის თანადამფუძნებელს თემურ დათიკაშვილს გამოძიება ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას ედავება.

საუბარია რამდენიმე საკალათბურთო თამაშსა და 36 ათას ლარზე, თუმცა მსაჯ ზაზა მაჩალაძის ადვოკატის განცხადებით, მაჩალაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ადვოკატ შოთა მანელიძისთქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. ადვოკატი ასევე ფიქრობს, რომ მსაჯი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა საკალათბურთო თამაშის საბოლოო შედეგზე.

ბრალს არ აღიარებს არც საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი და თანადამფუძნებელი. ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, რომ ეს იყო პროვოცირებული დანაშაული, თუმცა ვის მიერ, ეს საქმის მასალების დეტალურად გაცნობის შემდეგ გამოჩნდება.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხუთი პირი 22 დეკემბერს დააკავეს.