ბრალდებული ბესიკ თამლიანი - ჯგუფური დანაშაული მიუძღვის ყველა ორგანოს, რომლებმაც რუსი დეპუტატი შემოიყვანეს პარლამენტში
ბრალდებული ბესიკ თამლიანი - ჯგუფური დანაშაული მიუძღვის ყველა ორგანოს, რომლებმაც რუსი დეპუტატი შემოიყვანეს პარლამენტში

ჯგუფური დანაშაული მიუძღვის ყველა ორგანოს, რომლებმაც რუსი დეპუტატი შემოიყვანეს პარლამენტში, – ამის შესახებ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა, ბესიკ თამლიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის და ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.

„ხალხმა აჩვენა, რომ პოლიტიკურად არის მწიფე. იქ არ ცდილობდნენ პარლამენტში შესვლას, ეს იყო ჯიკავი და პროტესტი. 20 ივნისი თქვენ დაამსგავსეთ 9 აპრილს. ეს ყველაფერი ჰგავს ილია ჭავჭავაძის ამბავს; ილია ვარ, არ მომკლათო, რაზეც უთხრეს, ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა მოგკლათო. რუსმა ქართველის ხელით გააკეთა ეს”, – განაცხადა ბესიკ თამლიანმა.

მის გამოსვლას დარბაზში მყოფების ტაში მოჰყვა, რის შემდეგაც, მოსამართლემ დარბაზში მსხდომებს გაფრთხილება მისცა, რომ ხმაურის განმეორების შემთხვევაში დარბაზიდან გააძევებს.

სხდომაზე ბესიკ თამლიანის ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა პროკურატურის წარმომადგენლებისგან განმარტება მოითხოვა მათ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, თუ რატომ ითხოვენ ისინი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდებას.

„ბესიკ თამლიანსაც გავუკეთოთ ის სამაჯური, რომელიც მელიას აქვს და ქუჩაში ვერ გადის პროკურორის თანხმობის გარეშე. დიდი ხანია, არ გამიგია, რომ ბრალს არ აღიარებს და ამიტომ უნდა შეეფარდოს პატიმრობა. თუ სხვაგვარად არის საქმე მითხარით, ან მოწმეზე თუ მოახდინა ზემოქმედება 20 ივნისის შემდეგ, ან მიმალვა თუ სცადა. თუ ასეთ ქმედებას ჰქონდა ადგილი მითხარით, თუ არადა, სადაა ის რისკები, რაზეც საუბრობთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივეს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.