ბრალდებული აკაკი კობალაძე - მე და თედო ბავშვობიდან ვმეგობრობდით, მორალურად ვიყავი განადგურებული, როცა პოლიციელმა მითხრა, 50 ათასს რომ სთავაზობდი, თედომ ჩაგწერაო
ბრალდებული აკაკი კობალაძე - მე და თედო ბავშვობიდან ვმეგობრობდით, მორალურად ვიყავი განადგურებული, როცა პოლიციელმა მითხრა, 50 ათასს რომ სთავაზობდი, თედომ ჩაგწერაო

ვიყავი მორალურად განადგურებული, პოლიციელი მეუბნება, ჩაგწერათ თედომო, 50 ათასს რომ სთავაზობდი, ის როგორ არისო? – ამის შესახებ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა აკაკი კობალაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ბრალდებულმა თქვა, რომ გობეჯიშვილთან ბავშვობიდან მეგობრობდა.

ამასთან, როგორც კობალაძემ აღნიშნა, დაკავების დროს ფიზიკური დაზიანება მიიღო.

„ცემით არ ვუცემივარ, იყო ჯიჯგილაობა გაყვანა-გამოყვანოს დროს. მაქვს ჰემატომები სხეულზე, განვიცადე ფიზიკური ტკივილი ამ ჯიჯგილაობის დროს. ზუსტად დაკავების ოქმზე ხელის მოწერის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი. ჩემს ადვოკატს არ მიეცა უფლება, ჩხრეკის ღონისძიებას დასწრებოდა. ჩხრეკა ჩატარდა ისე, რომ ადვოკატები იქ არ იყვნენ. სახლში ჩემი სიდედრი იყო და ამოღების ფაქტს ისიც არ ესწრებოდა. ამოიღეს საბრძოლო მასალები, რომელიც მე არ მეკუთვნის და ოქმზეც ხელის მოწერა მოტყუებით მოხდა.

დილის, სადღაც 08:00 საათზე დატოვა თედომ ჩემი ბინა და ყვებოდა, რომ თითზე ჩამოსათვლელი ძმაკაცები დამრჩაო. ვიყავი მორალურად განადგურებული, პოლიციელი მეუბნება,  ჩაგწერათ თედომო, 50 ათასს რომ სთავაზობდი, ის როგორ არისო? მივხვდი, რომ აბსურდის თეატრი იყო. რომ მცოდნოდა, საითკენ მიდიოდა საქმე, ჩვენებას არ მივცემდი. ჩვენებას მივცემდი წყნარ, მშვიდ გარემოში მაგისტრატ მოსამართლესთან. მე და თედო სკოლელები ვართ, 12-14 წლიდან ვმეგობრობთ“,- განაცხადა ბრალდებულმა აკაკი კობალაძემ.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. პროკურატურა აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის, დევს მხოლოდ ირიბი მტკიცებულება.

აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებულ იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.