ბრალდებულები და მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში ჩაერთნენ
ბრალდებულები და მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში ჩაერთნენ. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპეციალური პენიტენციური სისტემიდან 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 ბრალდებული/მსჯავრდებულია რეგისტრირებული, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი.
„პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტია მსჯავრდებულთა განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ყოველწლიურად იზრდება უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა, ფართოვდება საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა და იქმნება სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნოლოგიური პირობები. პენიტენციურ დაწესებულებებში წარმატებით ფუნქციონირებს „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.
განათლების ხელშეწყობა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროფესიული განვითარება და საუნივერსიტეტო განათლების მიღების შესაძლებლობა მსჯავრდებულებს საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციაში დაეხმარება“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.