ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება

გიგი უგულავას საქმის პროკურორი ნათია გურული აცხადებს, რომ ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.

„სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან კონფლიქტში მონაწილე, დაპირისპირებული მხარეები საწინააღმდეგო ინფორმაციას იძლეოდნენ, გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ. თუმცა, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, შესაბამისად, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით“, – აღნიშნა პროკურორმა.

ნათია გურულის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იყო დაზარალებულის, მისი თანხმლები პირისა და მესაზღვრე ინსპექტორების ჩვენებები, რომლებიც, მისივე თქმით, ძალადობის ფრაგმენტებს შეესწრნენ და აღნიშნული მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერების თანხლებით, ადასტურებდა დანაშაულის ჩადენას.

„საქმეში ნამდვილად დათვალიერებული არის ვიდეოჩანაწერი და ბრალდების მხარის ნებართვით, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ნანახი აქვს ბრალდებულის ადვოკატსაც. სწორედ აღნიშნულ ჩანაწერთან თანხვედრაში იყო დაზარალებულისა და მისი თანხმლები პირის ჩვენება, განსხვავებით ბრალდებულისა და ბრალდებულის თანმხლები პირის ჩვენებისგან. ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე იყო ნაკლებად მძიმე კატეგორიის, ხუთ წლამდე ან უფრო ნაკლები პერიოდით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ვიდეოჩანაწერებს ვერ დავურთავდით კანონმდებლობიდან გამომდინარე, რადგან ვიდეოჩანაწერის გამოთხოვისთვის საჭიროა, ჩადენილი იყოს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა ნათია გურულმა.

ბადრი გავაშელიშვილი​ს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე დღეს სასამართლომ გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო.