ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება
ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 5 და 6 ნოემბერს „შემოდგომის ყვავილების გამოფენა“ გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაცით, გამოფენაზე ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიში, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის გასაყიდი მცენარეების, გვირგვინების, თემატური ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.

ჩატარდება ეკო-საგანმანათლებლო აქტივობებიც, რომლის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს მცენარის მოვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიაწვდიან.

„ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად, შემოდგომის პერიოდში ტარდება, სადაც ვიზიტორებს განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.

გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.