ბოსნია და ჰერცეგოვინის სასამართლომ სერბთა რესპუბლიკის ლიდერის, მილორად დოდიკის დასაკავებლად საერთაშორისო ორდერი გამოსცა
ბოსნია და ჰერცეგოვინის სასამართლომ სერბთა რესპუბლიკის ლიდერის, მილორად დოდიკის დასაკავებლად საერთაშორისო ორდერი გამოსცა

ბოსნია და ჰერცეგოვინის სასამართლომ სერბთა რესპუბლიკის ლიდერის, მილორად დოდიკის დასაკავებლად საერთაშორისო ორდერი გამოსცა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მილორად დოდიკმა გასულ თვეს ბოსნია-ჰერცეგოვინის სამართალდამცველებს სერბთა რესპუბლიკაში მოქმედების საშუალება არ მისცა. ამის გამო ახლა ბოსნიის პროკურატურა მას კონსტიტუციის დარღვევაში, კერძოდ კი, 1995 წელს დამყარებულ ომის შემდგომ წესრიგზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

გასულ კვირას სასამართლომ დოდიკს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 6 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა. შემდეგ კი შიდა ორდერი გამოსცა დოდიკისა და კიდევ ორი მაღალჩინოსნის დასაკავებლად. თუმცა დოდიკმა და მისმა თანამოაზრეებმა ეს ორდერი უგულებელყვეს და საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. ის ჯერ – მეზობელ სერბეთში, შემდეგ კი ისრაელში გაემგზავრა, სადაც ანტისემიტიზმის თემაზე იერუსალიმში კონფერენციას დაესწრო.

როგორც მედია წერს, მილორად დოდიკს არაერთხელ გაუჟღერებია მუქარა ბოსნია-ჰერცეგოვინიდან სერბთა რესპუბლიკის გამოყოფის თაობაზე. მედიის ცნობით, ეს საფრთხის ქვეშ აყენებს დეიტონის შეთანხმებას, რომელიც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ბოსნიაში მშვიდობის დასამყარებლად შედგა.

ცნობისთვის, შეთანხმება, რომელსაც 1995 წელს მოეწერა ხელი ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთი სახელმწიფოს ქვეშ ორ პოლიტიკურ ერთეულს აერთიანებს, კეღძოდ, ბოსნისა და ჰერცეგოვინის ფედერაციას, რომელიც ხორვატებისა და მუსლიმებისგან შედგება, და სერბთა რესპუბლიკას, რომელშიც ბოსნიელი სერბები შედიან.