ბოროტების სავანე - თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევებიდან დაცემამდე
ბოროტების სავანე - თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევებიდან დაცემამდე

თანამედროვე სამყარო, რომელმაც შუა საუკუნეების სიბნელე მეხსიერებაში ღრმად ჩამარხა, ხოლო მეოცე საუკუნის ომები თითქმის მიივიწყა, 21-ე საუკუნის დასაწყისშივე ახალი ბოროტების პირისპირ აღმოჩნდა. ეს არ იყო მხოლოდ ომი, ეს იყო იდეოლოგიური კონფლიქტი თანმდევი სისხლისღვრით, რომელსაც ისლამური რადიკალიზმის წიაღში შობილი ტერორიზმი ჰქვია. 11 სექტემბრის ტერაქტმა მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა. ამ დღის შემდეგ ვერც ამერიკის შეერთებული შტატები და ვერც ისლამური სამყარო უწინდელი ვეღარ იქნებოდა, ისევე როგორც დღეს – თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“, იგივე დაეშის დამარცხების შემდეგ სირია და ერაყი უწინდელს სახეს ვეღარასოდეს დაიბრუნებს.

გენეზისი – 9/11-ის შემდეგ შეცვლილი სამყარო

მანჰეტენის სამხრეთით, გრინვიჩის ქუჩაზე ტყუპი ცათამბჯენების ნაცვლად დღეს შავი მარმარილოს მემორიალი დგას. ქვის ფილებზე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპული 2 996 ადამიანის სახელი აწერია. ახლა არა მხოლოდ ეს ადგილი, მსოფლიოც სხვანაირია. 9/11-ის ტერორისტულ აქტს მოჰყვა ომი ავღანეთსა და ერაყში, საპასუხო ტერაქტები ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის კონტინენტებზე, მუსლიმი ბავშვები და ქალები კი ისლამისტმა ტერორისტებმა ცოცხალ ფარად აქციეს.

ისლამური რადიკალიზმის წიაღში შობილმა ალ ყაიდამ, რომლის ლიდერი 1980-იანი წლებში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანი ოსამა ბინ ლადენი იყო, 1998 წლიდან 2011 წლამდე აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევრაზიის კონტინენტებზე 60-მდე ტერაქტი განახორციელა. ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა დასავლური ქვეყნების ერთობლივმა ბრძოლამ და სამშვიდობო მისიებმა (რომელშიც საქართველოც მონაწილეობს) ალ ყაიდას დიდი დარტყმა მიაყენა. თუმცა დაქუცმაცებული ტერორისტული ორგანიზაციისთვის ფატალური მაინც 2011 წლის მაისში ბინ ლადენის ლიკვიდაცია იყო.

როცა დემოკრატიულმა სამყარომ ტერორიზმი თითქმის მიივიწყა, ახლო აღმოსავლეთში, ალ ყაიდას ნანგრევებზე ახალი, ძლევამოსილი, შუა საუკუნეობრივი სისასტიკით გამორჩეული და სახელმწიფოებრივი ამბიციების მქონე ტერორისტული ორგანიზაცია აღმოცენდა. სუნიტურმა რადიკალიზმმა მთელი მსოფლიო მოიცვა, თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ საცეცები ყველა კონტინენტს მისწვდა. ევფრატის და ტიგროსის ნაპირებზე მდებარე ქალაქებში ტერორისტებმა, რომლებიც საკუთარ თავებს საღვთო ომის (ჯიჰადის) მებრძოლებს უწოდებდნენ, ეთნიკური წმენდა მოაწყვეს. მათ ახალი სახალიფოს შექმნა წარსულის ნგრევით და მასობრივი მკვლელობებით დაიწყეს.

2014 წელი თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ „ოქროს ხანაა“. სირიის სამოქალაქო ომის ფონზე აღმოცენებული დაეშის მიზანი იყო მაშრიყიდან მაღრიბამდე (არაბულად აღოსავლეთიდან დასავლეთამდე) სახალიფო ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ აეშენებინა.

დღეს თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფო“, იგივე დაეში იმაზე სუსტია, ვიდრე ბინ ლადენის გარეშე დარჩენილი ალ ყაიდა. სახალიფოს თვითგამოცხადებული დედაქალაქი რაყა დაეცა, ხოლო ევფრატისპირა სტრატეგიულ ქალაქებზე კონტროლი ჯიჰადისტებმა ბოლო თვეებში ეტაპობრივად დაკარგეს, თუმცა დაეშის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში გადარჩენილი ტერორისტების ბედი კვლავაც უცნობია. არსებობს საფრთხე, რომ ის ათასობით ჯიჰადისტი თუ მოჯაჰიდი, ვინც დაეშის რიგებში გასაწევრიანებლად ახლო აღმოსავლეთში დასავლური ქვეყნებიდან ჩავიდა, სამშობლოში დაბრუნდება. გაერთიანებული სამეფოს სპეცსამსახურის ინფორმაციით, 6 ათასზე მეტი ჯიჰადისტი უკვე ევროპისა და რუსეთის ტერიტორიაზეა. სად წავლენ დანარჩენები, ვინც ერაყისა და სირიის ჯარებს, საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმებს, ან ქურთი მებრძოლების ტყვიას და ტყვეობას გადაურჩა?! შეიძლება აღკვეთილმა ბოროტებამ იატაკვეშეთში გადაინაცვლოს, სანამ მათი ხელახლა „აღმოცენების“ დრო არ დადგება. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დასავლური ქვეყნების, ისევე როგორც რუსეთისა და არაბული ლიგის სახელმწიფოების სპეცსამსახურებს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ.

აღორძინებიდან დაცემამდე

ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად ამერიკის ჯარების ინტერვენციის დროს, შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ალ ყაიდას ერაყული ფრთის ლიდერი აბუ მუსაბ ალ ზარქავი იყო. იგი რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ, 2007 წელს ამერიკის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა, თუმცა მისი „მემკვიდრეობა“ – ერაყის ალ ყაიდა გადარჩა, ტრანსფორმაცია განიცადა და 2011 წელს, არაბული გაზაფხულის პარალელურად სუნიტი ექსტრემისტების გადაბირება-გაერთიანება დაიწყო. ასე ჩაეყარა საფუძველი დაეშს.

2010 წელს ერაყის ალ ყაიდას, იგივე ერაყის „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ლიდერის, აბუ აიიუბ ალ მასრის მიერ ჩამოყალიბებულ ექსტრემისტულ დაჯგუფებას ჰუსეინის ეპოქის სამხედრო პირებთან ერთად აბუ ბაქრ ალ ბაღდადიც შეუერთდა – იდუმალებით მოცული სამარაში დაბადებული სკოლის მასწავლებელი, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, პროფესიით თეოლოგი. ალ ბაღდადი რამდენიმე წელიწადში თავს დაეშის ხალიფად გამოაცხადებს და მის მიმდევრებს უბრძანებს ერაყში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით მასობრივი ხოცვა მოაწყონ. 

ალ მასრის მიერ შექმნილი ჯიჰადისტების გაერთიანება 2013 წელს ახალ მიზანს ისახავს და სახელს იცვლის, – ერაყისა და სირიის „ისლამური სახელმწიფო“ ალ ყაიდას ერაყული ფრთის ნანგრევებზე 2013 წლის მაისში დაარსდა. ჯიჰადისტებმა ცხრა თვის თავზე ბაღდადის დასავლეთით მდებარე ქალაქი ფალუჯა აიღეს. ეს მათთვის პირველი გამარჯვება იყო.

ერაყისა და სირიის, იგივე ერაყისა და ლევანტის თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფო“, იგივე დაეში დღითიდღე ფართოვდებოდა. 2014 წლის იანვარში ჯიჰადისტებმა სირიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი რაყა დაიკავეს. მათ ქალაქის დასაპყრობად მეამბოხეები დახოცეს და რაყა სახალიფოს დე ფაქტო დედაქალაქად გამოაცხადეს. იმ დროისათვის თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფო“ 50 ათასამდე ექსტრემისტს აერთიანებდა.

თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფო“ სირიასა და ერაყში ოკუპაციასთან ერთად საკუთარ კანონებს წერდა. დაეში კვალად შიიტური მეჩეთების, ეკლესიების, ანტიკური ეპოქის უნიკალური ძეგლების ნანგრევებს ტოვებდა. ჯიჰადისტებმა ჯერ მოსულის მუზეუმი, უძველესი ხელნაწერები და ძეგლები, მოგვიანებით სირიის ანტიკური ქალაქი პალმირა თითქმის მთლიანად გაანადგურეს.

ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ „ოქროს ხანა“ სწორედ ბაღდადიდან 400 კმ-ში მდებარე მოსულის აღებით, 2014 წლის ზაფხულიდან იწყება. ტიგროსის პირას გაშენებული უძველესი ცივილიზაციის მილიონიანი ქალაქი ჯიჰადისტებმა რამდენიმე დღეში აიღეს. მათი შეკავება ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, შიდა ღალატის გამო ვერ შეძლეს – ერაყელმა გენერლებმა ქალაქი საბრძოლო მოქმედებების დროს დატოვეს. ცოტა ხანში ISIS-მა ერაყში თიქრითი აიღო, ხოლო ერთი წლის თავზე, 2015 წელს ისინი ერაყის ჯარმა აღნიშნული ქალაქიდან განდევნა.

2013 წლის ბოლოდან მსოფლიო შუა საუკუნეობრივი ბოროტების მომსწრე ხდება: იეზიდებს, ქურთებს, ქრისტიანებს და შიიტ მუსლიმებს თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფო“ უსასტიკესი მეთოდებით უსწორდება.

სისხლიღვრას დაეში ღმერთის სახელით ახორციელებდა, მოსახლეობის მცირე ნაწილი ჯიჰადისტების მხარეს გადავიდა, ასიათასობით ადამიანმა მშობლიური ქალაქები დატოვა და სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა, ისინი კი, ვინც დარჩნენ და ახალ რეჟიმს არ დაემორჩილნენ, სიკვდილით დასაჯეს. 2013-2017 წლებში ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე დაეშის კონტროლქვეშ თითქმის ნახევარი მილიონი ბავშვი მოექცა. 

2014 წლის თებერვალში „სამართალმემკვიდრისექსტრემიზმით „იმედგაცრუებულმა“ ალ ყაიდას უკანასკნელმა ლიდერმა ალ-ზავაჰირიმ ISIS-თან კავშირი გაწყვიტა. ამას დაეში არ დაუზარალებია. მოგვიანებით, ექსტრემისტულმა გაერთიანებამ ახალი მოკავშირეები შეიძინა, როცა ნიგერიულმა ტერორისტულმა დაჯგუფება ბოკო ჰარამმა, ლიბიელმა და სინაის ნახევარკუნძლზე გამაგრებულმა ეგვიპტელმა ჯიჰადისტებმა თვითგამოცხადებულ „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულება გამოუცხადეს.

ამავე წლის ივლისში მოსულის მეჩეთში დაეშის სულიერმა ლიდერმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ თავი წინასწარმეტყველ მუჰამედის მემკვიდრედ გამოაცხადა და ისლამურ სამყაროს ახალი სახალიფოს აღორძინების იდეა აცნობა. ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაეშმა ინტერნეტის და სოციალური ქსელების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება აქტიურად დაიწყო. იმავე პერიოდში სოციალურ ქსელებში ტერორისტებმა ტყვეების წამებისა და სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება დაიწყეს. მიზანი ერთი იყო – დასავლეთის დაშინება. სწორედ მაშინ მსოფლიომ დაეშის ჯალათი გაიცნო, ლონდონელი რეპერი მუჰამედ ემვაზი, ზედმეტსახელად „ჯიჰადი ჯონი“, რომლის ლიკვიდაცია 2015 წლის ნოემბერში საერთაშორისო კოალიციამ ავიაიერიშის შედეგად განახორციელა.

2014 წლის სექტემბერში, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ISIS-ის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშრისო კოალიცია შექმნა, ალ ბაღდადიმ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ მუსლიმებს მოუწოდა, სირიასა და ერაყში ჩასულიყვნენ და ახალი წესრიგის დასამყარებლად საღვთო ომში – ჯიჰადში ჩართულიყვნენ.

ერაყელი თვითგამოცხადებული ხალიფას გზავნილს ათასობით ახალგაზრდა მუსლიმი უყურადღებოდ არ ტოვებს. 2014 წლის სექტემბრიდან რუსეთიდან და დასავლური სახელმწიფოებიდან ასობით ადამიანი ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება. სამ თვეში დაეშის რიგებში გადაბირებული უცხოელების რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს. მათ შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც, რომელთაც თვითგამოცხადებულ ისლამურ სახელმწიფოში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სერჟანტი თარხან ბათირაშვილი ელოდებოდა. 2013-2016 წლებში სირიასა და ერაყში საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა, მათგან 27 დაიღუპა. დაღუპულებს შორისაა თავად თარხან ბათირაშვილი, რომელიც საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმებს 2016 წლის ივლისში ემსხვერპლა.

აბუ უმარ ალ შიშანად ქცეული ბათირაშვილი თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ომის მინისტრად იწოდებოდა. სწორედ მისმა სტრატეგიამ მოუტანა გამარჯვება დაეშს რაქასა და კობანიში. რაქას ოკუპაციის შემდეგ, 2014 წლის სექტემბერში დაეშმა თურქეთის საზღვართან მდებარე ქურთებით დასახლებული სირიის ქალაქი კობანი ხანგძლივი ბრძოლის შედეგად აიღო და რამდენიმე თვეში, 2015 წლის გაზაფხულზე მასზე კონტროლი დაკარგა. კობანი ერთ-ერთია სირიის იმ ქალაქებს შორის, სადაც ჯიჰადისტებმა ეთნიკური წმენდა მოაწყვეს. კობანიში განცდილმა მარცხმა დაეშის დასუსტება ყველაზე ნათლად წარმოაჩინა.

2015 წლის იანვრიდან ახლო აღმოსავლეთში სახალიფოს საზღვრების დადგენის პარალელურად თითგამოცხადებულმა სახელმწიფომ მიზანში დასავლეთ ევროპა ამოიღო. პირველ სამიზნედ საფრანგეთი იქცა. დღემდე ჯიჰადისტებმა თვითმკვლელი ტერორისტებისა და ავტომობილების საშუალებით ტერორისტული აქტები დასავლეთისა და აღმოსავლეთის 29 ქვეყანაში განახორციელეს, რასაც 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს დასასრული

თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“, იგივე დაეშის, იგივე ISIS-ის საბოლოო ნგრევა ერაყსა და სირიაში ორი სტრატეგიულად მნიშნელოვანი ქალაქის – რაქას და მოსულის გათავისუფლებით დაიწყო. საერთაშორისო კოალიციის, სირიისა და ერაყის ჯარების გარდა, ჯიჰადისტების განადგურებაში გადამწყვეტი როლი ქურთმა მებრძოლებმა შეასრულეს. სირიის დემოკრატიული ძალებისა და „ფეშმერგას“ რიგებში 500-ზე მეტი ქალი იბრძვის. მათ „სიკვდილის ანგელოზებსაც“ უწოდებენ. ქურთი ქალების ხელით სიკვდილს ჯიჰადისტები განსაკუთრებით ერიდებიან, რადგან სჯერათ, რომ ომში ქალის ხელით მოკლული მუსლიმი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.

ერაყის ორი ქალაქის, ბაშიქასა და ჰამამ ალ-ალილის ჯიჰადისტებისგან გათავისუფლების შემდეგ, 2016 წლის ნოემბერში ერაყელი და ქურთი მებრძოლები ტიგროსისპირა მოსულის საზღვრებს მიადგნენ. ცხრათვიანი ომი მოსულში ერაყის ჯარისა და ქურთული სამხედრო გაერთიანება „ფეშმერგას“ გამარჯვებით დასრულდა. ნანგრევებად ქცეული ქალაქის ცენტრში ალყაში მოქცეულმა ჯიჰადისტებმა მოწინააღმდეგეების განადგურების მიზნით ალ ნურის 8-საუკუნოვანი მეჩეთი ააფეთქეს – მეჩეთი, სადაც 2014 წელს ალ ბაღდადიმ თავი ხალიფად გამოაცხადა. დაეშის გადარჩენილი წევრების ნაწილი ერაყის შეიარაღებულ ძალებს ტყვედ ჩაბარდნენ, ნაწილი კი მიიმალა. მათი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. 

თვენახევრის წინ თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფო“ სირიის დემოკრატიულმა ძალებმა და ქურთმა მებრძოლებმა შეერთებული შტატების დახმარებით სირიის ქალაქ რაყადანაც განდევნეს. სახალიფოს თვითგამოცხადებული დედაქალაქი დაეცა. შავი დროშები თეთრი წარწერებით ყველა იმ ქალაქში დაწვეს, სადაც დაეშის მმართველობის ხანაში ათიათასობით მოქალაქე არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. დაეშის ახლა უკვე ყოფილი წევრების დიდი ნაწილი ერაყის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განაჩენის მოლოდინშია. მათგან უმრავლესობას უმკაცრესი სასჯელი – სიკვდილით დასჯა ემუქრება.

ტერორისტული ორგანიზაცია სახელმწიფოებრივი მიზნებით, რომელიც 2014-2015 წლებში სირიის ტერიტორიის თითქმის ნახევარს და ერაყის ტერიტორიის მესამედს აკონტროლებდა, ბოლო კვირებში ელემენტარულ ნაწილაკებად დაიშალა. თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ორი უკანასკნელი ბასტიონიც – ერაყში ალ ყაიმი და სირიაში აბუ ქამალი, რამდენიმე კვირის წინ დაეცა, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა. ახლა მთავარი იდეოლოგიურ ომში გამარჯვებაა, რომელიც დასავლეთმა და არაბულმა ლიგამ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ერთობლივი შეტევით უნდა დაასრულონ.

თუმცა დღეს მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებულ „ისლამურ სახელმწიფოში“ 100 ათასზე მეტი ჯიჰადისტი იბრძოდა. მათი დიდი ნაწილი ლიკვიდირებულია, ათასობით ტერორისტი – დაკავებული, მაგრამ ათასობით ტერორისტის ადგილმდებარეობა ჯერაც უცნობია, მათ შორის ექსტრემისტული გაერთიანების სულიერი ლიდერის. ხუთჯერ გავრცელებული ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ არ დადასტურდა. დღესაც არავინ იცის, სად არის ერაყელი იბრაჰიმ ალ ავად იბრაჰიმ ალ-ბადრი, რომელიც მსოფლიომ „აჩრდილის“ მეტსახელით და თვითგამოცხადებული სახალიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ ბაღდადის სახელით გაიცნო.