ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრი გაიხსნა
ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრი გაიხსნა

ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ახალი დღის ცენტრი გაიხსნა. დაწესებულება 6-დან 18 წლამდე 30 ბავშვს შესთავაზებს სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორებიცაა არაფორმალური განათლება, თერაპიული აქტივობები და სოციალური უნარების განვითარება. ამასთან, კვება და ცენტრამდე ტრანსპორტირება  მომსახურების ნაწილს შეადგენს.

შენობის სრული რეაბილიტაცია გაერო-ს ბავშვთა ფონდმა უზრუნველყო და აუცილებელი ინვენტარით აღჭურვა. შეიქმნა სწავლის, განვითარებისა და გართობისთვის შესაბამისი გარემო; გადამზადდა სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები იმ მიზნით, რომ თითოეულმა ბავშვმა მიიღოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვა და შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.

დღის ცენტრი დაფინანსებულია ბულგარეთის განვითარების ორგანიზაციის მიერ და საქმიანობას ახორციელებს გაერო-ს ბავშვთა ფონდი და მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის.