ბორჯომში, ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარზე ლოდების მშრალი წყობით ნაგები სამეურნეო დანიშნულების საცხოვრებელი შენობები აღმოაჩინეს
ბორჯომში, ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარზე ლოდების მშრალი წყობით ნაგები სამეურნეო დანიშნულების საცხოვრებელი შენობები აღმოაჩინეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევთან,  ნადიკრებისა და  გოგიჩაანთ ღელის მე-12 საუკუნის  ნამოსახლარზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით მიმდინარე სამეცნიერო ექსპედიციისას ახალი არქიტექტურული ნაგებობები გამოვლინდა.

ე.წ. მეგალითური ნამოსახლარის გაწმენდისას ლოდების მშრალი წყობით ნაგები სამეურნეო დანიშნულების საცხოვრებელი შენობები აღმოჩნდა,  რომლებიც  გეგმარების   სპეციფიურობით გამოირჩევა და არქაული იერსახე აქვს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს​ ინფორმაციით, გოგიჩაანთ ღელე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტია. XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანი წლების დასაწყისში მას  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თორი-ლიკანის არქეოლოგიური  ექსპედიცია იკვლევდა.

საველე სამუშაოების შედეგად გაწმენდილ ორ ტერასაზე განლაგებული, მშრალი წყობით ნაშენი დიდი კომპლექსი არქეოლოგების მიერ  შუა საუკუნეებით დათარიღდა, თუმცა გათხრების პროცესში ადრეანტიკურ და ადრეშუასაუკუნეების თიხის ნაწარმთან ერთად უფრო ადრეული მასალებიც  დაფიქსირდა.  კომპლექსის ზედა ტერასაზეა  მიკვლეული კლდეზე ჩაშენებული დუღაბის ხსნარზე ნაგები ქრისტიანული ეკლესია, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით შესაძლოა, წარმართულ სალოცავზე ყოფილიყო აშენებული.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, არქიტექტურულ კომპლექსზე საველე სამუშაოები, რომელსაც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ირინა ღამბაშიძე ხელმძღვანელობს,  სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, რომლის შემდგომ არქეოლოგიური კვლევისა და გაწმენდის ანგარიშის მომზადდება.  მოპოვებული არქეოლოგიური მასალა, კამერალური დამუშავების შემდგომ,  დასაცავად რეგიონულ სამუზეუმო ფონდებში ჩაბარდება. არქეოლოგიური ობიექტების ცალკეული უბნები კი მიწის რეკულტივაციის გზით კონსერვირდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ორი უწყების თანამშრომლობით,  სამეცნიერო  კვლევის პროცესი გოგიჩაანთ ღელეს კომპლექსზე 2021 წელსაც გაგრძელდება და  არქეოლოგიური ობიექტის კულტურული ფენების თანმიმდევრული გამოვლენის, სტრატიგრაფიული განსაზღვრისა და ფიქსაციის მიზნით კიდევ უფრო მეტ მასშტაბს მოიცავს. ნადიკრებისა და  გოგიჩაანთ ღელეს ნამოსახლარის  სრულფასოვანი სამეცნიერო შესწავლის, კონსერვაციისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის შედეგად არქიტექტურული კომპლექსი ძეგლის სტატუსის მქონე  კიდევ ერთ კულტურულ და ტურისტულად საინტერესო სივრცედ იქცევა.