ბორჯომსა და მარნეულში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალებმა მუშაობა დაიწყო
ბორჯომსა და მარნეულში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალებმა მუშაობა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები ამჯერად ბორჯომსა და მარნეულში განთავსდა.

თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და განაცხადების ელექტრონული წესით მიღების ფუნქციით აღჭურვილი მანქანები აღნიშნულ ქალაქებში თითქმის ერთი თვის განმავლობაში, 7 მარტამდე დარჩებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების სამუშაო პროცესს ბორჯომში დაესწრო და მომხმარებელთა შეფასებები მოისმინა.

ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, დროის ნაკლები დანახარჯით, ქალაქიდან გაუსვლელად, ერთი სარკმლის პრინციპით მიიღოს 50-მდე საპოლიციო სერვისი, მათ შორის მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება და სხვა.

ექსპრესფილიალები კახეთსა და იმერეთის რეგიონში უკვე განთავსდა და ეტაპობრივად, მთელ საქართველოს მოიცავს. თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი მანქანები იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურება, სადაც მოქალაქეებს ამ დრომდე ე.წ. მე-12 ოთახით სარგებლობა ან საპოლიციო სერვისის მისაღებად სხვა, ახლომდებარე ქალაქში ჩასვლა უწევთ.

პროექტის მიზანია საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და რეგიონული კომპონენტის გაძლიერება.

ექსპრესფილიალების კონცეფციის რეგიონებში დანერგვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლებისა და სოციალური კამპანიის – „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.