ბორჯომისა და ადიგენის მცხოვრებლებმა ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს
ბორჯომისა და ადიგენის მცხოვრებლებმა ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს

ქალაქ ბორჯომისა და ადიგენის მცხოვრებლებმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეები ხე–ტყის გადატანის დროს ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ჩამორთმეულ მანქანებს უკვე თვეებია არ უბრუნებენ და პროკურატურა საქმის გამოძიებას აჭიანურებს. ამასთან, მოქალაქეები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძეს შეხვდნენ და მას მანქანების დაბრუნებაში დახმარება სთხოვეს.

გუბერნატორთან შეხვედრის შემგედ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აკაკი მაჭუტაძემ მოქალაქეებს ადვოკატის აყვანა ურჩია. აქციის მონაწილეები არ უარყოფენ, რომ მათ ხე-ტყე უკანონოდ გადაჰქონდათ.

ამ დროისთვის კი, აქციის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან გადაინაცვლეს, სადაც პროკურორთან შეხვედრას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2017 წლის ნოემბერში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 19 პირი გამოავლინეს. ასევე, პოლიციამ გამოვლენილი 15 ავტომანქანა დალუქა. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).