ბორჯომისა და ადიგენის მცხოვრებლები ხე-ტყის გადატანისას ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ
ბორჯომისა და ადიგენის მცხოვრებლები ხე-ტყის გადატანისას ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ

ბორჯომისა და ადიგენის მცხოვრებლებმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეები ხე-ტყის გადატანის დროს ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ჩამორთმეულ მანქანებს უკვე თვეებია არ უბრუნებენ და პროკურატურა საქმის გამოძიებას აჭიანურებს.

ადგილობრივები ჯერ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი საოლქო პროკურატურასთან გადაინაცვლეს.

აქციას თბილისიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მათ ადგილობრივებმა დასახმარებლად მიმართეს.

პროკურატურასთან აქციის მონაწილეები საქმეების ზედამხედველ პროკურორთან ითხოვდნენ შეხვედრას. რამდენიმე მოქალაქეს და ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პროკურორი გიორგი აღლემაშვილი შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მათ პროკურატურას პარასკევამდე დრო მისცეს.

თუ მოქალაქეებს კუთვნილი ავტომობილები არ დაუბრუნდებათ და გამოძიება დროულად არ დასრულება, ისინი აქციებს აანონსებენ. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.