ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს 28 მარტს განიხილავენ
ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს 28 მარტს განიხილავენ

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას 15 დეპუტატი ითხოვს. განცხადება, რომელსაც 13 „ქართული ოცნების“ და ორი „პარტიორტთა ალიანსის“ წევრი აწერს ხელს, საკრებულოში დღის მეორე ნახევარში დარეგისტრირდა.

როგორც პირველ არხთან ზაზა ჩაჩანიძე აცხადებს, ეს მოთხოვნა მოულოდნელი არ ყოფილა. მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში ირმა ინაშვილი ჩაერია. ჩაჩანიძის თქმით, ტატიანა მარტინენკომ და მამუკა ლურსმანაშვილმა, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არიან, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნას ხელი ინაშვილის მითითებით მოაწერეს.

ჩაჩანიძე ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსის ” ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის მხრიდან ჩარევა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოში უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ ფრაქციები არ დაურეგისტრირა და მერიის თანამშრომლებს ხელფასები არ მოუმატა.

საკრებულოს თავმჯდომარე 28 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მოლოდინშია.

თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო. 28 დეპუტატიდან გადაყენებას მხარი 15–მა უნდა დაუჭიროს. კენჭისყრა ფარული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს. საკრებულოს 28 დეპუტატიდან, 15 ოპოზიციის წარმომადგენელია, 13 კი “ქართული ოცნების“. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძე  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი.

ბორჯომის საკრებულოს სხდომა 28 მარტს 12 საათზეა ჩანიშნული.