ბორჯომის საკრებულოში ხელფასების საკითხის განხილვას დაპირისპირება მოჰყვა

ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა კვლავ ვერ დამტკიცდა. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, რომლებიც დღეს სხდომას ბოიკოტის შემდეგ პირველად დაესწრნენ.

საკითხის განხილვას მერიის თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ჯერჯერობით უცნობია, განაგრძობენ თუ არა მერიის თანამშრომლები მუშაობას, რომლებსაც ხელფასები უკვე მეორე თვეა არ აუღიათ. მათი განცხადებით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღება.

„ქართული ოცნება“ ბორჯომის საკრებულოში უმცირესობაშია და 13 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ისინი სხდომებს არ ესწრებოდნენ. ბორჯომის საკრებულოს ბოლო ოთხი სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. იმ მიზეზით, რომ საკრებულოში ხელფასების რეგულირების საკითხი და საშტატო ნუსხა არ დამტკიცებულა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელფასების დარიცხვა ვერ ხერხდება.