ბორჯომის საკრებულოს სხდომა 16 მარტს აღარ ჩატარდება
ბორჯომის საკრებულოს სხდომა 16 მარტს აღარ ჩატარდება

ბორჯომის საკრებულოს სხდომა, რომელიც 16 მარტს იყო ჩანიშნული, გადაიდო. როგორც პირველ არხს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილმა განუცხადა, დღეს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა და ბორჯომის მერიას კვლავ უკან დაუბრუნა შენიშვნებით საშტატო ნუსხის და სარგოების საკითხი.

გოგიჩაიშვილის განმარტებით, მერიის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილი ხელფასების რაოდენობა არაადეკვატურად გაზრდილია, ამიტომ დეპუტატები დოკუმენტს იქამდე არ დაამტკიცებენ, ვიდრე ხელფასების მატება მინიმუმამდე არ იქნება დაყვანილი.

გიორგი გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სხდომა 28 მარტამდე აღარ დაინიშნება.

სხდომის გადადებას საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან ბოროტი განზრახვით მიღებული გადაწყვეტილება უწოდეს „ქართული ოცნებაში“. ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია ამბობს, რომ ისინი იბრძოლებენ იმისთვის, რომ მერიის თანამშრომლებმა ხელფასები აიღონ.

შეგახსენებთ, რომ მერიის თანამშრომლებს მესამე თვეა კუთვნილი სარგო არ აუღიათ.