ბორჯომის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი
ბორჯომის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი

ბორჯომის საკრებულოს შენობას ამ დრომდე საპატრულო პოლიცია იცავს. შენობაში მხოლოდ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს უშვებენ.

მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები სამსახურში გამოცხადნენ, სამუშაო პროცესი შეწყვეტილია.

ადგილზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი. მისი თქმით, ხელისუფლება ეცდება, გუშინ საკრებულოს წევრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ლიგიტიმაცია შესძინოს. მისივე განცხადებით, ამას ემსახურება ქალაქში პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზება.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავენ.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას, ზაზა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ გუშინ საგანგებოდ ჩატარებული სხდომა და მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმური იყო. მისივე თქმით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკითხს განიხილავენ, შესაძლოა, ერთ კვირაში ჩაინიშნოს.

ბორჯომის საკრებულომ მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა გუშინ, მეორე სხდომაზე 17 მომხრე ხმით დაამტკიცა. სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ 13 და „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი დეპუტატი. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი 17-ვე დეპუტატმა დაუჭირა.

ბორჯომის საკრებულოს სხდომა გუშინ ორჯერ გაიმართა. დილით ჩატარებულ სხდომაზე ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ვერ დამტკიცდა, რასაც ხმაური მოჰყვა.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოს შენობაში, როგორც მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს დეპუტატებს, ასევე საკრებულოს წევრებს შორის მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, მერიის თანამშრომლებს საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის შესასვლელი პიკეტირებული ჰქონდათ.

ამასთან, ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ინციდენტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.