ბორჯომის საკრებულომ მერიის მიერ შეთავაზებული საშტატო ნუსხა და ხელფასები არ დაამტკიცა
ბორჯომის საკრებულომ მერიის მიერ შეთავაზებული საშტატო ნუსხა და ხელფასები არ დაამტკიცა

ბორჯომის საკრებულომ მერიის მიერ შეთავაზებული საშტატო ნუსხა და ხელფასები არ დაამტკიცა. როგორც სხდომაზე დეპუტატებმა განმარტეს, წარმოდგენილ ცვლილებაში დაახლოებით 700-800 ლარით გაზრდილი იყო მერის, მისი მოადგილისა და სამსახურის უფროსების ხელფასები.

საკრებულოს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მერიაში არსებული ხელფასები დარჩეს. სხდომას “ქართული ოცნების” წევრები არ ესწრებოდნენ.

“მივესალმებით ხელფასების მომატებას იმ შემთხევაში, თუ ეს მომატება რიგით თანამშრომლებს შეეხებათ. თუმცა მერიის მიერ  შემოთავაზებული ცხრილის მიხედვით, ხელფასები ემატებოდათ მხოლოდ მერს, მერის მოადგილეს, სამსახურის უფროსებს, დაახლოებით 700- 800 ლარით და რიგით თანამშრომლებს კი 20 ლარით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის თანხა, რაც მათ აქვთ ხელფასის სახით, დარჩეს იგივე. ახლა მთავარია ბორჯომში არსებული პრობლემები მოვაგვაროთ და შემდგომ უკვე ვიფიქროთ ხელფასის მომატებაზე. ხელფასის მომატება ჩვენც არ გვაწყენდა, თუმცა ჩვენ პრემია – დანამატებსა და ხელფასებზე უარი ვთქვით”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გოგიჩაიშვილმა.