„ბორჯომის“ ქარხნის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა
„ბორჯომის“ ქარხნის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა

ბორჯომში ცხრადღიანი პროტესტი დასრულდა. ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა. კომპანიამ გაფიცულთა მოთხოვნა ხელფასების მატებაზე დააკმაყოფილა.

ასევე დამსაქმებელი კომპანია პირობას დებს, რომ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაო და ყველა ტექნიკური სახის პრობლემას შეისწავლის.

მოლაპარაკებები კომპანიის ახლად დანიშნულ დირექტორსა და დასაქმებულებს შორის დღეს რამდენიმე საათი გრძელდებოდა. პროცესში მონაწილეობას იღებდნენ პროფკავშირის წარმომადგენლებიც.

„დასაქმებულები არიან კმაყოფილი ამ შეთანხმებით. ორივე მხრიდან მოხდა დათმობა და შეჯერება პოზიციების. კომპანია პირობას დებს, რომ არ განახორციელებს რეპრესიებს პროტესტში მონაწილე პირების მიმართ. კომპანია მზადაა, კოლექტიური ხელშეკრულების კუთხით გააგრძელოს მუშაობა. ხელფასების მატებაზე გაფიცულთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაგრამ ჯერ მოხდება ერთ პოზიციაზე მყოფი დასაქმებულების ხელფასების გათანაბრება და ამის შემდეგ 30 პროცენტით და ზოგ შემთხვევაში, მეტით მატება. ვფიქრობ, ორივე მხრიდან შეჯერდა პოზიციები. ახალი ხელმძღვანელი იყო კონსტრუქციული. ვფიქრობ, მუშაობა კონკრეტული პრობლემების მოგვარების კუთხით გაგრძელდება“, – განაცხადა აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირების წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ.