„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ
„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

ქალაქ ბორჯომში, „ბორჯომის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე „აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლები დილიდან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

როგორც „ბორჯომის“ თანამშრომლები აცხადებენ, მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, ესენია: უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა; ხელფასების დარიცხვა; ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება; უვადო ხელშეკრულებები ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასების 25 პროცენტით ზრდა; შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრა, ხოლო მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლება და პასუხისგებაში მიცემა; კოლექტიური შეთანხმების გაფორმება.

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირების ინფორმაციით, გაფიცვას ორივე ქარხნის ყველა თანამშრომელი შეუერთდა, რის გამოც კომპანია მუშაობას ვერ გააგრძელებს.