„ბორჯომის“ ქარხნის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება
„ბორჯომის“ ქარხნის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება

კომპანია „ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს კომპანიის ახლად დანიშნული დირექტორი მერაბ ახმეტელი შეხვდება. შეხვედრა პროფკავშირების მონაწილეობით 14:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

„კარგია, რომ ცვლილებები განახორციელეს. იმედი გვაქვს, შეხვედრა ახალ ხელმძღვანელთან იქნება შედეგიანი. შეხვედრაზე ხუთი კაცი და პროფკავშირები წავალთ. ყველა საწარმოდან ერთი წარმომადგენელი ვიქნებით და ჩვენს მოთხოვნებს გავაცხადებთ. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ახალი დირექტორი. მისთვის არაა უცხო ჩვენი პრობლემები“- განაცხადა კომპანია „ბორჯომის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი იმედოვნებს, რომ ახალი დირექტორი დასაქმებულთა მოთხოვნებს გაითვალისწინებს და შეხვედრა პროდუქტიული იქნება.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ახალი დირექტორი დასაქმებულთა მოთხოვნებს გაითვალისწინებს და შეხვედრა კონსტრუქციული, პროდუქტიული იქნება. ამის საფუძველს მაძლევს მერაბ ახმეტელის სურვილი, პროფკავშირებთან და გაფიცულ თანამშრომლებთან დიალოგი აწარმოოს, რაც მისასალმებელია“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები ხელფასების მატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციებს 18 მაისიდან მართავენ.