ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცეცხლის ღია კერები კვლავ რჩება [ვიდეო]

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერ კიდევ ფიქსირდება ხანძრის სხვადასხვა სირთულის კერები.

შსს-ს ცნობით, ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კოორდინირებულად ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ამ დროისთვის, სხვადასხვა სამუშაოში ჩართულია დაახლოებით 1 200 ადამიანი. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი“, – აცხადებენ შსს-ში.

ადგილზე მოქმედებს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.