ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტიას სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა
ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტიას სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტიასა და მასთან ერთად დაკავებულ გიორგი ულუმბეგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა დაკავებული პირებისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და ამის მიზეზად მიმალვა, მტკიცებულებათა განადგურება და მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედება დაასახელა.

ლევან ლიპარტიას ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, გამოძიება ლევან ლიპარტიას რამდენიმე თვის წინანდელ საქმეს ედავება.

„ლევან ლიპარტიას ვედავებით 2019 წლის 9 აგვისტოს რომ ქრთამი აიღო-ვო. კი მაგრამ, სად იყავით აქამდე?“,- განაცხადა მოსიაშვილმა.

ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. როგორც მოსიაშვილმა აღნიშნა, ლიპარტია მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„ფული გადასცა პიროვნებამ, პატარა ტკბილეული, ნუგა კანფეტები, თუ რამე სხვა საგანი, არ არის დადასტურებული. ჩვენ უნდა ვერწმუნოთ ვინმე მეტრეველს, რომელიც რამდენად მიუკერძოებელია, არ ვიცით. სახელმწიფო ბრალდებას ერთი მტკიცებულებაც არ აქვს მოპოვებული, იქნებ პირადი ინტერესი ან შურისძიება ამოძრავებს?“,- აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.

სიტყვით მიმართა სასამართლოს თავად ლევან ლიპარტიამაც.

„მყავს ორსული მეუღლე. მზად ვარ, ყველანაირი შეზღუდვისთვის, ვიჯდები სახლში, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. 39 წელია, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია“,- განაცხადა ბრალდებულმა.

საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი ულუმბეგაშვილის ადვოკატმა აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 აპრილს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ამასთან, დღეს გაიმართა ქრთამის აღების საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გოგიჩაიშვილის სასამართლო, რომელსაც ასევე პატიმრობა შეეფარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.