ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია
ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებული ცოცხალი ძალა ცალკეული მცირე კერებისა და ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახორციელებს.

მუშაობა დაასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც. ხანძრის ქრობის პროცესში საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა გუშინ, საღამოს საათებში ჩაერთო, 24 გაფრენა შეასრულა და ცეცხლის კერებზე 48 ტონა წყალი დაასხა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, პრევენციისა და სამონიტორინგო სამუშაოების წარმოების მიზნით, ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ტყის მასივში ხანძრის შედეგად 2,5 ჰა ფართობი დაიწვა.