ბორჯღალოსნებს ანთიმოზ ივერიელის თასი ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა
ბორჯღალოსნებს ანთიმოზ ივერიელის თასი ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბორჯღალოსნებს და მათ გულშემატკივრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრების დამარცხებას ულოცავს.

მთავრობის მეთაური ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის 2021/2022 წლების გათამაშებაში გამარჯვებას და 2023 წელს საფრანგეთში მსოფლიოს თასზე ასპარეზობას უსურვებს.

„გილოცავთ! ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრები 28:17 დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს, რომელიც ტრადიციულად საქართველოს და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაში თამაშდება. ქართველ ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის 2021/2022 წლების გათამაშებაში გამარჯვებას და 2023 წელს საფრანგეთში მსოფლიოს თასზე ასპარეზობას ვუსურვებ!“- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯღალოსნებს მოედანზე გულშემატკივრობდა. მატჩის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა გამარჯვებულებს ანთიმოზ ივერიელის თასი გადასცა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ეროვნულ გუნდს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და 28:17 დაამარცხა. საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ანთიმოზ ივერიელის თასიც შეინარჩუნა.

მატჩს, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მაყურებელიც დაესწრო.