„ბორჯღალოსნებმა“ ნიდერლანდებთან მატჩისთვის მზადება დაიწყეს - ნაკრებს ბექა გორგაძე შეუერთდა #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში თბილისში გერმანიასთან 75:12 გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა ერთი დღე აღდგენას დაუთმეს და „შევარდენის“ ბაზაზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრებისთვის მზადება განაგრძეს. ჩვენი ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს 11 თებერვალს, საქართველოს დროით 16:15 საათზე ამსტერდამში ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს.
გერმანიასთან თამაშის შემდეგ ყველა მორაგბე ჯანმრთელადაა. ნაკრებს შეუერთდა საფრანგეთის TOP 14-ის „პოს“ მოთამაშე ბექა გორგაძე. გასულ შაბათს მისი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „რასინგ 92“-ს შეხვდა. ბექამ ამ შეხვედრაში 71 წუთი ითამაშა. „პომ“ მეტოქე ბონუსით (38:19) დაამარცხა და ამაში გუნდის ქართველ კაპიტანს უდიდესი წვლილი მიუძღვის – 6 ლელოდან ორი სწორედ გორგაძის ანგარიშზეა.
რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ნიდერლანდების ნაკრები გასულ კვირაში მადრიდში ესპანეთს ეწვია და 20:28 დამარცხდა.