ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა კორონავირუსი დაამარცხა და სამშობლოში დაბრუნდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ოჯახის წევრები და სპორტსმენები დახვდნენ. ლევან მაისაშვილი რეაბილიტაციის პროცესს საქართველოში, უკვე შინ გააგრძელებს.

„ხალხის სიყვარული, უფლის ნება – ამ ყველაფერმა ეს შემაძლებინა. რთული გზა გამოვიარე. გეგმა მაქვს, დრო სექტემბრის ბოლომდე რეაბილიტაციას დავუთმო. ოქტომბერში მოედანზე ვიქნები“, – განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა.

ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში „კოვიდის-19“-ის გავრცელების გამო გაუქმდა. ბორჯღალოსნების მწვრთნელი თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში მკურნალობდა.