ბორის პისტორიუსი - უკრაინისთვის არ უნდა იყოს ყალბი მშვიდობა, არ უნდა იყოს მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციას ნიშნავს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული, ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინას მომავალშიც უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, რისთვისაც საჭიროა შეიარაღებული ძალები და სანდო უსაფრთხოების გარანტიები, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან.
„არ უნდა იყოს ყალბი მშვიდობა უკრაინისთვის. არ უნდა იყოს მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციას ნიშნავს“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
პისტორიუსის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ მსოფლიოში ძალთა გადანაწილება იცვლება.
„გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფა სწრაფად იცვლება. ჩვენ, გერმანელებმა ევროკავშირსა და ნატო-ში ხელახლა უნდა განვსაზღვროთ ჩვენი პოზიცია ამ გეოპოლიტიკურ ჭადრაკის დაფაზე, განვსაზღვროთ ჩვენი როლი მომავალ წლებში, რადგან არ ვიცით, რომელ ალიანსებს შეგვიძლია, კვლავ ვენდოთ მომავალში და რამდენ ხანს გაგრძელდება ისინი“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.