ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ გერმანია საკუთარი მარაგებიდან უკრაინას დამატებით „პეტრიოტის“ რაკეტებს გადასცემს

21:55, 08.09.2026

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას საკუთარი მარაგებიდან დამატებით „პეტრიოტის“ რაკეტებს გადასცემს.

მისი თქმით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიშებს გააძლიერებს.

„რადგან რუსეთი ფრონტის ხაზზე ძალიან ნელა მიიწევს წინ, ის საჰაერო იერიშების საშუალებით ცდილობს უკრაინის ეკონომიკური საფუძვლისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას, მათ შორის, პორტების, ელექტროსადგურებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების“, – განაცხადა პისტორიუსმა.

მისივე თქმით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთის საჰაერო იერიშების გააქტიურებაა მოსალოდნელი, რაც შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგით დასრულდეს.

პისტორიუსს არ დაუკონკრეტებია, რამდენ რაკეტას გადასცემს გერმანია უკრაინას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბერლინი ასევე გაზრდის უკრაინისთვის სხვა ტიპის რაკეტების მიწოდებას და გააგრძელებს დრონებისა და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო მასალის გადაცემას.

ცნობისთვის, მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინას ნება დართო, 90 მილიარდი ევროს კრედიტის ნაწილი ამერიკული „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გამანადგურებელი რაკეტების შესაძენად გამოიყენოს.

მსგავსი