ბორის ნემცოვის მკვლელობის მეექვსე წლისთავზე სხვადასხვა ქვეყანაში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა
ბორის ნემცოვის მკვლელობის მეექვსე წლისთავზე სხვადასხვა ქვეყანაში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის მეექვსე წლისთავზე სხვადასხვა ქვეყანაში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა.

შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პირველი ღონისძიება დღეს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გაიმართა, სადაც რუსულენოვანი საზოგადოების წარმომადგენლებმა ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ასევე რუსეთში პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა სოლიდარობისთვის მსვლელობა მოაწყვეს.

ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა მოსკოვშიც. ხიდზე, სადაც პოლიტიკოსს ესროლეს, მოქალაქეებმა და დიპლომატებმა ყვავილები მიიტანეს. მათ შორის იყვნენ აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების ელჩები. რაც შეეხება მოსკოვში მსვლელობას, რომელიც ტრადიციად იქცა, წელს ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების გამო არ გაიმართა.

ამავე მიზეზით მსვლელობა არ მოეწყო პრაღაში, სადაც აქცია ნემცოვის მოედანზე, რუსეთის საელჩოსთან ყავილების მიტანით შემოიფარგლებოდა.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, აქციები დაიგეგმა ბერლინში, ამსტერდამში, ვენაში, ვილნიუსში, ჰააგაში, კოპენჰაგენში, ბოსტონში, ვაშინგტონსა და სხვა ქალაქებში.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს.