ბორის ჯონსონმა მინისტრთა ახალი კაბინეტი დააკომპლექტა
ბორის ჯონსონმა მინისტრთა ახალი კაბინეტი დააკომპლექტა

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა.

ახალ მინისტრთა კაბინეტში საკვანძო თანამდებობებს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის მხარდამჭერები იკავებენ.

საერთო ჯამში, ტერეზა მეის მინისტრთა კაბინეტიდან 17-მა მინისტრმა დატოვა თანამდებობა, ზოგიერთი მათგანი გაათავისუფლეს, უმეტესობამ თავად დატოვა დაკავებული თანამდებობები.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი კანცლერი გახდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობაა მინისტრთა კაბინეტში.

პრიტი პატელი, რომელმაც 2017 წელს საერთაშორისო განვითარების მინისტრის თანამდებობა ისრაელელ ჩინოვნიკებთან ფარული შეხვედრის გამო დატოვა, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს კი დომინიკ რააბი ჩაიბარებს – ყოფილი მინისტრი ბრექსიტის საკითხებში, რომელმაც თანამდებობა ტერეზა მეისთან აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა.

ბრექსიტის საკითხებში მინისტრი სტივენ ბარკლი კი თანამდებობას ინარჩუნებს.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პენი მორდაუნტს ყოფილი სამხედრო და ბორის ჯონსონის დიდი ხნის მოკავშირე ბენ ოულესი შეცვლის.

ახალი მინისტრთა კაბინეტის 28%-ს ქალები შეადგენენ. მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა დღეს არის ჩანიშნული.