ბორის ჯონსონი უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის შედეგებს გადამწყვეტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ახლა მთავრობას შეუძლია, ფოკუსირდეს საკითხებზე, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია ხალხისთვის
ბორის ჯონსონი უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის შედეგებს გადამწყვეტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ახლა მთავრობას შეუძლია, ფოკუსირდეს საკითხებზე, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია ხალხისთვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის შედეგებს გადამწყვეტი უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა მთავრობას შეუძლია, ფოკუსირდეს საკითხებზე, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია ხალხისთვის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბორის ჯონსონმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს მხარდაჭერისთვის და თანაპარტიელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„ეს არის კარგი შედეგი პოლიტიკისთვის და ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ეს არის დამაჯერებელი, გადამწყვეტი შედეგი. და ეს ნიშნავს, რომ როგორც მთავრობას, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ სვლა და ფოკუსირება საკითხებზე, რომლებიც ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანია ხალხისთვის“, – განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, ეს არის შესაძლებლობა, „უკან მოიტოვონ“ კონსერვატიული პარტიის შიგნით მიმდინარე დავები.

„მე მაქვს უფრო დიდი მანდატი ჩემი პარლამენტარი კოლეგებისგან, ვიდრე მაგალითად, მქონდა 2019 წელს. მე მადლობელი ვარ კოლეგების მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, მე ვაცნობიერებ, რომ ახლა საჭიროა, გავერთიანდეთ როგორც მთავრობა და როგორც პარტია და ეს არის ზუსტად ის, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, უკან მოვიტოვოთ ყველაფერი ის, რაზეც ალბათ მედიას დიდი ხნით უნდოდა ფოკუსირება და გავაკეთოთ ჩვენი საქმე, რაც ნიშნავს, ფოკუსირებას იმ საკითხებზე, რომლებზეც საზოგადოებას ნამდვილად სურს, რომ ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლოკდაუნის დროს გამართული წვეულებების გამო უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას 148 კონსერვატორმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 211 კი წინააღმდეგი იყო.