ბორის ჯონსონი - სირიაში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის დარტყმები ბაშარ ასადის თავიდან მოცილების მცდელობა არ იყო
სირიაში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის დარტყმები ბაშარ ასადის თავიდან მოცილების მცდელობა არ იყო, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
ბორის ჯონსონის თქმით, სირიაზე კარგად გათვლილი და პროპორციული დარტყმები იყო სწორი ქმედება.
„ვფიქრობ, ყველამ, ვინც იხილა სურათები, თუ რა მოხდა დუმაში 7 აპრილს, ნახა, რომ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მხრიდან ასადის ქიმიური იარაღის ობიექტების წინააღმდეგ კარგად გათვლილი და პროპორციული დარტმები იყო სწორი ნაბიჯი. მადლობელი ვარ ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის. ეს არ იყო სირიაში ომის მიმართულებისა და რეჟიმის შეცვლის ან ბაშარ ასადის თავიდან მოცილების მცდელობა. ვშიშობ, სირიის ომი თავისი საშინელი გზით გაგრძელდება. თუმცა ამ ქმედებით მსოფლიომ თქვა, რომ კმარა ქიმიური იარაღის გამოყენება, ბაშარ ალ ასადის მმართველობის პირობებში 100-წლიანი ტაბუს ეროზია ძალიან შორს წავიდა, დროა ვთქვათ, კმარა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიისა და რუსეთის საკითხებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაზე დარტყმები განახორციელეს.