ბორის ჯონსონი რუს ხალხს მიმართავს - თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს
ბორის ჯონსონი რუს ხალხს მიმართავს - თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს

რუსეთის მოქალაქეები იმსახურებენ სიმართლეს. თქვენ იმსახურებთ, რომ გაიგოთ ფაქტები, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვა რუსულ ენაზე დაიწყო, სადაც რუს ხალხს მიმართა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ვიდეომიმართვაში, უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულს აღწერს.

„მტკიცებულებები იმდენად შოკისმომგვრელია, იმდენად საშინელი და გამაოგნებელია, რომ თქვენი მთავრობა ამას გიმალავთ. თქვენმა პრეზიდენტმა იცის, თუ ნახავთ მიმდინარე მოვლენებს, თქვენ არ დაუჭერთ მხარს მის ომს. არ გთხოვთ, რომ სიტყვაზე მენდოთ, უბრალოდ შედით „ვიპიენით“ და მიიღეთ წვდომა დამოუკიდებელ ინფორმაციაზე, როცა აღმოაჩენთ სიმართლეს, გაუზიარეთ სხვებს. ამაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან და ისტორია არ დაივიწყებს მათ, ვინც ამ დროს სხვაგან იხედებოდა. თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს“, – აცხადებს ბორის ჯონსონი.