ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანული ხომალდი შავ ზღვაში „აბსოლუტურად სწორად“ იქცეოდა
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანული ხომალდი შავ ზღვაში „აბსოლუტურად სწორად“ იქცეოდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანული ხომალდი შავ ზღვაში „აბსოლუტურად სწორად“ იქცეოდა.

„ბრიტანული ნაღმოსანის შავ ზღვაში გამოჩენა კანონისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვის საშუალებაა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სამეფო ფლოტის შემადგენლობაში მყოფი ნაღმოსანი „დეფენდერი” უმოკლესი გზით მიცურავდა უკრაინიდან საქართველოში.

„ეს უკრაინული წყლები იყო და აბსოლუტურად სწორი იყო მათი გამოყენება ა პუნქტიდან ბ-ში გადაადგილებისთვის“​, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.

„მნიშვნელოვანი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას, ეს უკრაინის სუვერენული ნაწილია“, – თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ის ასევე არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ლონდონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

„მე მახსოვს დრო, როდესაც საქმე გაცილებით ცუდადაც იყო“, – განაცხადა ჯონსონმა.

23 ივნისს რუსეთის თავდაცვის უწყებამ ბრიტანული ნაღმოსანი რუსეთის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შავ ზღვაში მოძრავი ბრიტანული გემის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. დიდ ბრიტანეთში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.