ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა შესაძლოა, მეტად მომაკვდინებელი იყოს
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა შესაძლოა, მეტად მომაკვდინებელი იყოს

არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც პირველად ლონდონში აღმოაჩინეს, შეიძლება, ასოცირებული იყოს სიკვდილიანობის უფრო მაღალ ხარისხთან, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დაუნინგ სტრიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სისტემა ინტენსიურ ზეწოლას სწორედ კორონავირუსის ახალი სახეობის გავლენით განიცდის.

ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებულებები ეფუძნება მათემატიკოსების გამოთვლებს, რომლებიც გარდაცვლილთა მონაცემებს აანალიზებენ.

პარალელურად, ბრიტანეთის მთავრობის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალანსმა თქვა, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა სიკვდილიანობის ზრდასთან არის დაკავშირებული. „ბიბისი“ კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა სავარაუდოდ 30 პროცენტით მეტად მომაკვდინებელია.

ინგლისში კორონავირუსის ახალი სახეობა გასული წლის სექტემბერში აღმოაჩინეს.