ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს ითხოვს
ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა დაუდასტურა.

როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა მიმართა.

„რასაც გავეცანი, წერილი ეხება პროგრამულ პრიორიტეტებს, ფონდების მიერ დაფინანსებულ გადაცემებს, რაც მრჩეველთა საბჭოს გვერდის ავლით მოხდა, რამდენიმე გადაცემაზეა საუბარი (მათ შორისაა გადაცემა „ათვლის კუთხე“ და „სათქმელი“); ხელფასებთან დაკავშირებით, ბოლო დროს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ასევე ლაპარაკია ირაკლი ბარამიძის სასამართლო პროცესზე“, – აცხადებს ნატა იმედაიშვილმა.

მისივე თქმით, ხვალ საბჭო შეიკრიბება და წარმოდგენილ არგუმენტებზე იმსჯელებს. ნატა იმედაიშვილის განმარტებით, საბჭომ განცხადება ათი დღის ვადაში უნდა განიხილოს.

„დღეს უკვე ვაცნობეთ ნათია კაპანაძეს ამის შესახებ, მან უნდა წარმოადგინოს თავისი არგუმენტები, განმარტებები, ამ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თუ აქვს სურვილი და ჩვენ უნდა ჩავნიშნოთ სხდომა“, – აღნიშნა ნატა იმედაიშვილმა.

მისივე თქმით, კენჭისყრა ფარულია და მასში საბჭოს ხუთივე წევრი მონაწილეობს, საბჭოს წევრებმა საკუთარი მოსაზრება ხმის მიცემით უნდა დააფიქსირონ. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამწლიანი ვადის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, რაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

„ეს არის ყველაზე რთული, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა საბჭოს ნებისმიერი წევრის“, – ამბობს ნატა იმედაიშვილი. კითხვაზე, მიღებული აქვს თუ არა თავად მას გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, ნატა იმედაიშვილი პასუხობს: „რა თქმა უნდა, არა.“

აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი [თავმჯდომარე], ირაკლი დარცმელიძე, გიგა ჩხარტიშვილი, გიორგი ირემაძე და ბეჟან გობაძე. მათგან იმპიჩმენტს ორი წევრი ითხოვს.

წყარო: „ნეტგაზეთი“.