ბონდო მძინარაშვილი - სააკაშვილის ხელისუფლების იდეოლოგია უნდა გასამართლებულიყო, ხალხს ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვს, რადგან დამნაშავეები არ დაისაჯნენ
ბონდო მძინარაშვილი - სააკაშვილის ხელისუფლების იდეოლოგია უნდა გასამართლებულიყო, ხალხს ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვს, რადგან დამნაშავეები არ დაისაჯნენ

ჩვენ დავინახეთ მასმედიის ერთი საშუალება, რომელიც ყველას წინააღმდეგ აღმოჩნდა, – განაცხადა ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ჩვენ დავინახეთ ორი გაკაპასებული ადამიანი, რომლებიც სტუდიაში ისხდნენ და ამბობდნენ, სხვაგან ვზივართო, რის გამეორებასაც მაყურებელს არ ვაკადრებ. ალბათ, თვითონ სხედან, თორემ იქ, სადაც გვარამია ზის, ჩვენ არ ვზივართ. ეს დამოკიდებულება არასწორია. მესმის, რომ მასმედიის საშუალებები პოლარიზებულია, მაგრამ საზოგადოებას შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო“, – განაცხადა მძინარაშვილმა.

ამ განცხადებით ბონდო მძინარაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა დღეს თავისუფალი მედია და როგორია მისი როლი მიმდინარე პროცესში.

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, მოსაზრება, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაესამართლებინა, იმან გაუმყარა, რასაც ამ წლების განმავლობაში ხედავს.

„როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოდიოდა, ამბობდა, რომ სამართლიანობა დამკვიდრდებოდა და ხალხს ამის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ დავინახეთ, რომ სამართალი ვერ ჰპოვა ათი ათასამდე ადამიანმა, რომლებსაც ქონება შუა ღამისას გადააფორმებინეს; დაიხოცა უამრავი ადამიანი, მაგრამ პასუხი არავინ აგო და ა.შ“, – განაცხადა მძინარაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და ა.შ იმ იდეოლოგიის ხელკეტები იყვნენ, რომელიც ბოკერიამ და რამიშვილმა შექმნეს.

„სწორედ ეს იდეოლოგია უნდა გასამართლებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა. ეს კოჰაბიტაციის შედეგი იყო. ხალხი კი ამ ყველაფერს ითხოვს და დღეს ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვს, რადგან დამნაშავეები არ დაისაჯნენ“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

დატოვე კომენტარი