ბონდო მძინარაშვილი - სააკაშვილი გაზეთების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოიპოვებდა, წინდაში შარვალჩატანიებული ჰყავდა ამ ხალხს ნანახი და ის მათთვის ავტორიტეტი არ იყო
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა გამომცემლობა „სამშობლოს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამომცემლობიდან „ხალხის გამოყრით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დაკარგა სამსახური“.
„პატარ-პატარა გამომცემლობები და რედაქციები იყო, მაგრამ ასევე იყო დიდი რედაქციები. ფაქტობრივად, ხუთჯერ გამოიცვალა ოფისი გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“. გაზეთი „თბილისი“, ფაქტობრივად, აღარ გამოდიოდა, ასევე, გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“, რომელიც ერთ-ერთი პირველი გაზეთი იყო, რომელშიც სერიოზული რეფორმა განახორციელა პაატა ნაცვლიშვილმა, იმ დროისთვისაც კი. საერთოდ გაუქმდა გაზეთები. საქართველოში გაზეთები აღარ არსებობდა, თუ არ ჩავთვლით იმ გაზეთებს, რომლებიც გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში აღარ იყვნენ. სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიმართ პრეტენზია მაქვს, რადგან ქუჩაში გამოყარეს ადამიანები, რომელთაგან ზოგს ჰქონდა საპენსიო ასაკი და იმ პენსიას მაინც მიიღებდა, მაგრამ ქუჩაში უსამსახუროდ აღმოჩნდნენ ადამიანები. 10-ში გაიღვიძეს, იცოდნენ, რომ შენობაში უნდა მისულიყვნენ და იქ არავინ შეუშვებდათ, 11-ში უკვე აღარ იცოდნენ, სად უნდა წასულიყვნენ ეს ადამიანები. უცბად დაკარგეს სამუშაო ადგილები, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ბევრი ადამიანი სახლიდან აღარ გამოსულა და ჩაქრნენ ის ადამიანები. ძალიან ტრაგიკული მდგომარეობა იყო იმ დროისთვის გამომცემლობა „სამშობლოში“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.
ამასთან, ბონდო მძინარაშვილმა აღნიშნა, რომ „სააკაშვილისთვის გაზეთების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო და ის მათი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოიპოვებდა“.
„ფიგურალურად თუ ვიტყვი, წინდაში შარვალჩატანიებული სააკაშვილი ჰყავდა ამ ხალხს ნანახი და მათთვის არანაირი ავტორიტეტი არ იყო სააკაშვილი, ისევე, როგორც იმ პოლიტიკური სპექტრისთვის, ვინც 1995 წლიდან საკანონმდებლო ორგანოს შენობაში იყო“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.
მძინარაშვილის თქმით, ამ ადამიანებს მიხეილ სააკაშვილი არაფრად მიაჩნდათ და არ სჯეროდათ იმის, რასაც ის 2003 წელს ამბობდა, ვინაიდან გამოცდილი ჟურნალისტები იყვნენ და სააკაშვილის წარსულიც კარგად ახსოვდათ.
„მათ არაფრად მიაჩნდათ სააკაშვილი და არ სჯეროდათ, რასაც ის 2003 წელს ამბობდა, რადგან ყველამ კარგად იცოდა, იგივე ახვლედიანის ქუჩაზე როგორ იყიდა 350 დოლარად საცხოვრებელი ბინა და ეს იყო იმ დროისთვის ძალიან დიდი ხმაურის მიზეზი, როდესაც ადამიანი კორუფციას „ებრძოდა“. სიყალბეს ძალიან ადვილად ამჩნევდნენ, რაც მთავარია, ეს ადამიანები გამოცდილი ჟურნალისტები იყვნენ, წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ყველაფრის მომსწრე და მნახველი ადამიანები იყვნენ. სააკაშვილი მათ ასე ადვილად ვერ მოატყუებდა“, – აღნიშნა ბონდო მძინარაშვილმა.