ბონდო მძინარაშვილი - როგორც პარლამენტის რეგლამენტში წერია კონკრეტულად თავმჯდომარის, მოადგილის და პარლამენტის წევრების ანაზღაურება, ასე განისაზღვროს მაუწყებლობის შესახებ კანონში ანაზღაურება
ბონდო მძინარაშვილი - როგორც პარლამენტის რეგლამენტში წერია კონკრეტულად თავმჯდომარის, მოადგილის და პარლამენტის წევრების ანაზღაურება, ასე განისაზღვროს მაუწყებლობის შესახებ კანონში ანაზღაურება

სახელმწიფომ კანონით განსაზღვრა, რამდენი უნდა იყოს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საჰონორარო ანაზღაურება, სამეურვეო საბჭომ კი, აქამდე არ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ კანონის მოთხოვნა სრულად შეგვესრულებინა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ბონდო მძინარაშვილმა განაცხადა.

როგორც მძინარაშვილმა აღნიშნა, ბორდის წევრები გამოყოფილი ჰონორარის გადანაწილების გამო თავის მართლების რეჟიმში რომ არ აღმოჩნდნენ, საკითხი კანონმდებლობით უნდა გადაწყდეს.

„ვფიქრობ, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ თანხა მივმართოთ ტელევიზიის თანამშრომლების პრობლემების მოსაგვარებლად, არის სწორი გადაწყვეტილება. ამიტომაც დავუჭირე მხარი. ვფიქრობ, არც მენეჯმენტი დატოვებს ამ ადამიანებს უყურადღებოდ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდა ჩამოყალიბდეს საბოლოოდ ფორმატზე და მიიღოს გადაწყვეტილება მაუწყებლობის შესახებ კანონის ფარგლებში. შემდგომ უკვე შეგვეძლება, ჩვენთვის კანონით განსაზღვრული და გამოყოფილი ჰონორარის ფარგლებში ვისაც გვინდა, იმას დავეხმაროთ. ამას უკვე აღარ დაერქმევა, როგორც ითქვა, სახელმწიფოს ხარჯზე ქველმოქმედება. სახელმწიფოს ხარჯზე ქველმოქმედება ეს არ არის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სახელმწიფომ კანონით განსაზღვრა, რამდენი უნდა იყოს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საჰონორარო ანაზღაურება. მხოლოდ იმიტომ, რომ სამეურვეო საბჭომ აქამდე, არც ერთ ეტაპზე არ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ კანონის მოთხოვნა სრულად შეგვესრულებინა, აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში. გარკვეულწილად თავის მართლების რეჟიმში ვართ სამეურვეო საბჭოს წევრები მხოლოდ იმის გამო, რომ თავის დროზე არ მივიღეთ პრინციპული და გონივრული გადაწყვეტილება.

ვფიქრობ, როცა 2021 წლის ბიუჯეტზე ვიმსჯელებთ, მაშინ მაინც უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. თუ წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს ერთ პროცენტს, მაშინ განისაზღვროს ზუსტად, რამდენი პროცენტი უნდა იყოს – 0,7, თუ 0,2, ანუ რაც ერთ პროცენტამდეა. ეს თუ განისაზღვრება, ამ შემთხვევაში არავითარი პრობლემა არ იქნება, ყოველი წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს სამეურვეო საბჭო გაანაწილებს ამ თანხას და ყველას ეცოდინება, რომ წლის ბოლოს ამ თანხის მოცულობიდან არაფერი დარჩებათ. ეს საკითხი თუ არ მოგვარდა, მომავალი წლის ბოლოს იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ეს უნდა გადაწყვიტოს პარლამენტმა. როგორც პარლამენტის რეგლამენტში წერია კონკრეტულად თავმჯდომარის, მოადგილის და პარლამენტის წევრების ანაზღაურება, ასე განსაზღვროს მაუწყებლობის შესახებ კანონში ანაზღაურება.

თუ არის განსაზღვრული ერთ პროცენტამდე, მაშინ უნდა იყოს გადანაწილებული ერთ პროცენტამდე. არ შეიძლება, ბორდი მუდმივად დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს სწორედ იმიტომ, რომ ამ გაურკვევლობაშია წლების განმავლობაში. ვფიქრობ, ეს საკითხი სისტემურად არის მოსაგვარებელი.

ჩვენი სხდომა საჯაროა და პარლამენტსაც ვთხოვოთ, მოაგვაროს ეს საკითხი. არანაირი სურვილი არ მაქვს, კეთილი მიზნებით რაღაც ჩავიფიქრო და შემდეგ მათრახი მირტყას ვიღაცამ, ვისაც ამ ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია და ბორდის წევრებზე მეტი არაფრით არ არის, არც გონებით, არც განვითარებით, არც შესაძლებლობებით და არც ამ ქვეყნის სამსახურით“,- განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

მისივე თქმით, ბორდს ჰონორარის გაცემის შესაძლებლობა მიეცა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

„არ ვფიქრობ, რომ ჩვენი საქციელის გამო ვინმემ განსაკუთრებული მოწონება უნდა გამოხატოს. მოგვეცა შესაძლებლობა, მივიღეთ გადაწყვეტილება. იურიდიულად ვისაც უნდა, მოგვედაოს და დაგვიმტკიცოს, რომ არასწორად გავაკეთეთ. თუ მორალურ მხარეზე მიდგება საქმე, დიახ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ჯანრთელობის პრობლემებიც მოსაგვარებელი აქვთ და სოციალურიც. არ ვფიქრობ, რომ მაუწყებლის საქმეა თანამშრომლების სოციალური პრობლემების მოგვარება, მაგრამ თუ ვინმეს შევეხიდებით, ესეც საქმეა“ , – აღნიშნა მძინარაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჰონორარო ნაწილში არსებული 132 492 ლარიდან, 82 ათასი ლარი გადავიდა 2021 წლის მაუწყებლის ბიუჯეტში; 50 492 ლარი კი, განაწილდება საბჭოს წევრებზე თანაბრად, თითოეულზე 5 610 ლარი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს შვიდმა წევრმა – ირინა ფუტკარაძემ, ბონდო მძინარაშვილმა, ზაზა აბაშიძემ, ირაკლი პაპავამ, იზაბელა ოსიპოვამ, ბესიკ ლილუაშვილმა, გია ნიჟარაძემ; წინააღმდეგ წავიდნენ მიხეილ ჩიკვილაძე და გია მურღულია.

ვიდეომასალა იხილეთ ბმულზე.