ბონდო მძინარაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესი პოლიტიკური სივრცისთვის ძალიან კარგია
ბონდო მძინარაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესი პოლიტიკური სივრცისთვის ძალიან კარგია

„ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესი პოლიტიკური სივრცისთვის ძალიან კარგია, – განაცხადა ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„როგორც „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წევრის დღევანდელ სატელევიზიო გამოსვლაში მოვისმინეთ, კორპორატიული მმართველობა უნდა დამთავრდეს. არ შეიძლება, საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, იმართებოდეს იმ პრინციპით, რა პრინციპითაც დღეს იმართება. არ შეიძლება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ჩატში მისდიოდეთ ინსტრუქცია, მითითება, როგორ უნდა იმოქმედონ. არ შეიძლება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ იკრიბებოდნენ და ერთმანეთს პირისპირ არ ესაუბრებოდნენ, თუნდაც, 115 იყვნენ, 155, თუ 500. ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ მოისმინა ზვიად ძიძიგურის, თუ სხვების განცხადებები და ქვეყნის მოსახლეობა არ იმსახურებს ისეთ აგდებულ დამოკიდებულებას, რასაც „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ახალგაზრდა, თუ ძველი თაობის წარმომადგენელი იჩენს.

„არ შეიძლება, ადამიანებს ასე უთხრა, რომ იცით რა, ჩვენ ეს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის გვჭირდებოდა, ახლა, კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიღებულია, საკონსტიტუციო ცვლილებები განვახორციელეთ და არც არაფერში აღარ გვჭირდება. კიდევ უფრო გამაოგნებელი იყო ახსნა, რაც ამას მოჰყვა, რომ ვინმეს რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა დასჭირდეს, ეს პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება. წარმოგიდგენიათ, ადამიანები როგორ ფიქრობენ და აზროვნებენ?“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სამართლებრივად, როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს წინა ხელისუფლების რეჟიმის გასამართლება, როგორც ამას რეზოლუციის ხელმომწერები ამბობენ, ბონდო მძინარაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი ამ რეზოლუციას უფრო მკაცრი ფორმულირებით მიიღებს და შემდეგ, ამას უნდა მოჰყვეს გარკვეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

„მაგალითად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კენჭი ვერ უნდა იყარონ ადამიანებმა, რომლებიც სააკაშვილის პარლამენტის წევრები იყვნენ და საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირეს, რამაც სააკაშვილი საბოლოო ჯამში, სამხედრო დამნაშავედ გადააქცია; ადამიანებმა, რომლებიც მინისტრებად და მინისტრის მოადგილეებად მუშაობდნენ და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა ეკავათ; პროკურორებმა, მოსამართლეებმა და ა.შ“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

მისი თქმით, ამ ყველაფრის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ ადამიანებმა, რომლებიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სხედან.

„თუ „ქართული ოცნება“ ამ რეზოლუციის სულისკვეთებას იზიარებს, როგორც ეს კობახიძემ კენჭისყრის წინ გამოაცხადა, მაშინ წინ არ უნდა ეჯდეს ზარდიაშვილი, რადგან ამ სიაში ზარდიაშვილიც მოხვდებოდა. არ შეიძლება, სასამართლოს მანდატურების უფროსი უცებ ხელისუფლებაში აღმოჩნდეს და ჭკუას გვასწავლიდეს ჩვენ, იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც თავის მანდატურებს გეშავდა, ან საპროტესტო აქციებზე წასვლას უკრძალავდა. ვინ არის ზარდიაშვილი, ამდენს რომ ბედავს? რაც მთავარია, ეს ზარდიაშვილი ისე გველაპარაკება, თითქოს, უინსტონ ჩერჩილთან ერთად სიგარას აბოლებდა და ვისკის მიირთმევდა“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.