ბონდო მძინარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ განვითარებაში ყველას ხელს უშლის
ბონდო მძინარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ განვითარებაში ყველას ხელს უშლის

პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანი გახდება, თუ ხელისუფლება მის მაქსიმალურად დაწიხვლას არ შეეცდება, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანი გახდება, თუ საარჩევნო ადმინისტრაცია და კოდექსი ნორმალური იქნება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასპარეზი მართლაც ჯანსაღ ადამიანებს, პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ პოლიტიკურ პროცესებს ისეთი დამნაშავე ძალა ჩამოშორდება, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიას და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, ბარიერად გადაექცა“, – განაცხადა მძინარაშვილმა.

ამ განცხადებით ბონდო მძინარაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა გახდეს პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანი. 

მისი თქმით, ამ პროცესში ძალიან ბევრი ადამიანია ჩათრეული და „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არ არსებობდეს, ისევე, როგორც აღარ არსებობს „აღორძინება“ და „მოქალაქეთა კავშირი“, რეალური ასპარეზი ძალიან ბევრ ადამიანს მიეცემოდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველას უშლის ხელს განვითარებაში“, – განაცხადა მძინარაშვილმა.

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას სერიოზულად უშლიან ხელს.

„აქ პერსონალიებზე კი არ ვლაპარაკობ, ვინ მომწონს, ვინ არ მომწონს კატეგორიებით?! შეფასებით კატეგორიებზე უარს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რასაც ვხედავთ, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის ხელის შეწყობა არ არის. ის, რაც 16 დეკემბერს დავინახეთ, როდესაც ინაუგურაციის ჩაშლა უნდოდათ, ეს დემოკრატიული პროცესია, თუ კონტრდემოკრატია?!“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.