ბოლო ნახევარფინალისტი სიმონა ჰალეპია
ბოლო ნახევარფინალისტი სიმონა ჰალეპია

​როლან გაროსზე ქალთა ბადის ბოლო ნახევარფინალისტი მსოფლიოს პირველი ჩოგანი, რუმინელი სიმონა ჰალეპი გახდა. მან ორი საათი და 15 წუთი ბრძოლის შემდეგ, გერმანელი ანჟელიკ კერბერი სამ სეტში დაამარცხა – 6:7(2), 6:3, 6:2.

ჰალეპისთვის შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყო, ზედიზედ ოთხი გეიმის წაგებით 0:4 ჩამორჩა. რუმინელი მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა გონს და დაიბრუნა ორი დაკარგული მოწოდება, რითაც ტაი-ბრეიკამდე მიაღწია, სადაც 2:2-ზე მორიგი ჩავარდნა ელოდა – ზედიზედ ხუთი ქულა და მასთან ერთად სეტი წააგო.

მეორე პარტიიდან მოყოლებული კი კორტზე​ ჰალეპი დომინირებდა. რუმინელი გერმანელს თითქმის არ აძლევდა შანსს მიღებაზე, თავად კი მეორეში ორი და მესამეში სამი ბრეიკი გააკეთა და ზედიზედ მესამედ გავიდა როლან გაროსის ნახევარფინალში, სადაც გარბინ მუგურუსას შეხვდება.

შეგახსენებთ, სამშაბათს პირველი ნახევარფინალური წყვილი ამერიკელებმა – სლოვან სტივენსმა და მედისონ კისმა შეადგინეს.