ბოლო მონაცემებით, დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 18 033 მოქალაქეს, ხოლო 8 954 სამშობლოში დაბრუნდა
ბოლო მონაცემებით, დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 18 033 მოქალაქეს, ხოლო 8 954 სამშობლოში დაბრუნდა

პირველი მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 18 033 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 8 954, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში გუშინ შესრულდა მადრიდი-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა 180 მოქალაქე. 2020 წლის 1 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18 033 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8 954 მოქალაქე.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა. როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

2 მაისი – პრაღა-ბათუმი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი