ბოლო კვირებში „თალიბანმა“ ავღანეთის ხუთი მნიშვნელოვანი სასაზღვრო ტერიტორია დაიკავა
ბოლო კვირებში „თალიბანმა“ ავღანეთის ხუთი მნიშვნელოვანი სასაზღვრო ტერიტორია დაიკავა

„თალიბანის“ მებრძოლებმა ავღანეთის დასავლეთით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვართან მდებარე საკვანძო რაიონები ხუთშაბათს, 8 ივლისს დაიკავეს.

ამასთან დაკავშირებით, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ ისლამისტი მეამბოხეები ქვეყნის მასშტაბით სწრაფ სამხედრო წინსვლას განაგრძობენ.

როიტერთან“ საუბარში, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ორი ოფიცერი ანონიმურობის დაცვით ამბობს, რომ ირანის მოსაზღვრე ჰერათის პროვინციაში მდებარე ისლამ ყალას სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „თალიბანის“ კონტროლქვეშ გადავიდა და ამის საპასუხოდ, ავღანეთის უსაფრთხოებისა და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა, ფიზიკური საფრთხისგან თავდასაცავად, ირანის ტერიტორია გადაკვეთეს.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თარიქ არიანი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი კვლავ სამთავრობო ძალების კონტროლქვეშ არის.

მიმდინარე კვირის დასაწყისში 1 000-მდე ავღანელმა ძალოვანმა და მშვიდობიანმა მოქალაქემ ტაჯიკეთის საზღვარი მას შემდეგ გადაკვეთა, რაც „თალიბებმა“დაიკავეს ქვეყნის ჩრდილოეთ ბადახშანის პროვინციის უმეტესი ნაწილი, რომელიც პაკისტანსა და ჩინეთს ესაზღვრება.

ტაჯიკეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ავღანეთთან არსებული 1 357-კილომეტრიანი საზღვრის ორ მესამედს „თალიბები“ აკონტროლებენ და ისინი ქვეყანაში ავღანელი ლტოლვილების ნაკადების მისაღებად უკვე ემზადებიან. ოფიციალური დუშანბეს განცხადებით, ისინი ავღანელი ლტოლვილების საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფას გეგმავენ და აღნიშნულში დასახმარებლად უკვე მიმართეს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“, რომლის წევრები აგრეთვე რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი არიან.

ბოლო კვირების განმავლობაში „თალიბებმა“ უკვე დაიკავეს ხუთი მნიშვნელოვანი სასაზღვრო ტერიტორია, რომლებიც ირანს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, ჩინეთსა და პაკისტანს ესაზღვრება. აღნიშნული პროცესი აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციური ძალების თითქმის 20-წლიანი მისიის დასრულების პარალელურად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ „თალიბანის“ მებრძოლებსა და ავღანეთის სახელმწიფო ძალებს შორის შეტაკებები უზბეკეთის საზღვართან მდებარე ბალხის პროვინციაშიც მიმდინარეობს.

ავღანეთის ხელისუფლებასა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეები ერთმანეთს ოთხშაბათს, 7 ივლისს ირანში, ხოლო 8 ივლისს რუსეთში შეხვდნენ. „თალიბანის“ წარმომადგენლის, მოჰამედ ნაიმის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც ომის შემდგომი გაგრძელების საფრთხეებსა და ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს შეეხება.

თავის მხრივ, ავღანეთიდან კოალიციური ძალების გასვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი არ ელის „თალიბების“ მხრიდან ავღანეთის სრულ დაკავებას, რადგან მას ავღანური სამთავრობო ძალების სჯერა.