ბოლო გაჩერება „ბაიერნამდე“ - პარკაძე „გაგრაში“ ითამაშებს #1TVSPORT
ბოლო გაჩერება „ბაიერნამდე“ - პარკაძე „გაგრაში“ ითამაშებს #1TVSPORT

„გაგრამ“ კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა – გუნდის წევრი დროებით „დინამო თბილისის“ შემტევი ნახევარმცველი, ლუკა პარკაძე გახდა, რომელსაც კონტრაქტი მიუნხენის „ბაიერნთან“ აქვს გაფორმებული.

„მგზავრთა საყურადღებოდ: თბილისი – მიუნხენი რეისზე ჩასხდომა ცხადდება. ბოლო გაჩერება – გაგრა“, – ასეთი სახალისო პოსტი გაავრცელა ქართული კლუბის პრესსამსახურმა პარკაძის დამატების შესახებ.

„დინამოს აკადემიის“ აღზრდილი ლუკა პარკაძე ზაფხულში კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით 2022 წელს დასრულდა და კონტრაქტი ხუთი წლის ვადით გაფორმდა.

17 წლის შემტევი ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება და თავდაპირველად „ბაიერნის“ ასაკობრივ გუნდში ითამაშებს. ლუკას თბილისურ კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლდა და „გაგრაში“ იჯარას ამიტომ დათანხმდა.

პარკაძე „დინამოს“ აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება. მას საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაშის გამოცდილებაც აქვს. 2022 წელს გამოცემა The Guardian-მა ლუკა 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა.